თბილისის რესტორნებში ახალი წლის შეხვედრა 200 ლარიდან იწყება

რესტორნის მენეჯერთა თქმით, ადგილები უკვე შეზღუდულია

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, თბილისში არსებული რესტორნები განსაკუთრებულად ემზადებიან მომხმარებელთა მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. წინასაახალწლო პერიოდში ,,ბიზნესპრესნიუსი“ რესტორნების გეგმებითა და შემოთავაზებებით დაინტერესდა. როგორც გაირკვა, ჩვენს მიერ გამოკითხულ რესტორნებს უკვე შერჩეული აქვთ სადღესასწაულო პროგრამები და დაწყებული აქვთ ჯავშნების მიღებაც. ადგილების დაჯავშნას განსაკუთრებით ჩქარობენ ორგანიზაციები, რომლებიც საახალწლოდ თანამშრომლებისთვის დაუვიწყარი კორპორაციული საღამოს მოწყობს გეგმავენ.

ახალი წლის დამდეგს რესტორნები შოუ პროგრამებითა და ძირითადად, ტრადიციული სადღესასწაულო კერძებით ხვდებიან.

როგორც ,,ბაბილოს“ მთავარი მენეჯერი ლალი კაკალაშვილი ამბობს, რესტორანში ადგილების უმრავლესობა საახალწლოდ უკვე დაჯავშნილია. ,,ბაბილოში“ ახალი წლის აღნიშვნა ერთ ადამიანზე 200 ლარი ღირს. რაც შეეხება მენიუსა და შოუ-პროგრამას, მენეჯერის თქმით, 12-ის ნახევარზე რესტორანი ფოიერვერკებით ხსნის სადღესასწაულო სუფრას. 12-ზე დაგეგმილია ფურშეტი შამპანიურის თანხლებით და საახალწლო მრავალფეროვან მენიუში ტრადიციულ კერძებთან ერთად, გათვალისწინებულია დესერტი და თელავის მარნის ბოთლის ღვინოც. სტუმრების განწყობაზე კი თემურ რცხილაძე, რომა რცხილაძე, თამუნა მიქელაძე, გიორგი ღვინიაშვილი, სოფო ბედია და ანსამბლი ,,ბერიკონი“ იზრუნებენ.

დარბაზის ნახევარი უკვე შევსებულია რესტორან ,,ბარაკონშიც,“ სადაც აღნიშნავენ, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ქართველს სურს ახალი წლის შეხვედრა რესტორნებში. „ბარაკონის“ მენეჯერის, მარიამ კობერიძის ინფორმაციით, სადღესასწაულო სუფრა ერთ პერსონაზე 150-200 ლარი დაგიჯდებათ.

,,რესტორანში საახალწლო საღამო, რომელსაც ,,ბარაკონის“ შემოქმედებითი ჯგუფი გახსნის, 12-ის ნახევარზე დაიწყება. მოწვეულია მომღერალი ოთო ნემსაძე და ბენდი ,,ქოვერ სითი“. საღამოს წაიყვანს რადიო ,,ფორტუნას“ წამყვანი, გვექნება გათამაშებები. აზიური ცეკვების ცეცხლოვანი შოუ“, - აღნიშნავს მენეჯერი.

,,ფუნიკულიორი“ ახალი წლის ღამეს რესტორნის ორ სართულზე განსხვავებული პროგრამით ხვდება. შესაბამისად სხვაობაა ფასებშიც - მეორე სართულის შემთხვევაში ერთი ადგილის დაჯავშნა 250 ლარი, მესამე სართულზე კი 350 ლარი დაგიჯდებათ. „ფუნიკულიორის“ მენეჯერის ეთო სალდიშვილის თქმით, რესტორანში ადგილების რაოდენობა უკვე შეზღუდულია.

მცირე ადგილებია დარჩენი საახალწლოდ რესტორან ,,წისქვილის“ სანადიმო დარბაზშიც, რესტორანი სტუმრებს ქართულ მენიუსა და ტრადიციულ საახალწლო კერძებს სათავაზობს. რაც შეეხება ფასებს, ადგილი ერთი ადამიანისათვის 300 ლარი ღირს. საღამოზე იმღერებენ: ნოდიკო ტატიშვილი,  ნინი შერმადინი, სალომე ბაკურაძე, ოთო ნემსაძე, მერაბ სეფაშვილი.

ჯავშნების მიღება დაიწყეს რესტორან ,,აფხაზურაშიც“, სადაც საახალწლო გართობა ზემოთჩამოთვლილ რესტორნებთან შედარებით, გაცილებით იაფი - 70 ლარი დაგიჯდებათ.

ქრისტინე გამთენაძე