კახა კალაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ენერგეტიკული თვალსაზრისით დამოუკიდებელი

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ენერგეტიკული თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა , - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ პრემიერის მიერ წარმოდგენილი მთავრობის სამწლიანი ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მოისმინეს პრემიერის სამწლიანი ანგარიში, სადაც საუბარი იყო ყველა იმ დარგზე, იმ მიმართულებაზე, სადაც რეფორმები, პროექტები ხორციელდება. რაც შეეხება ენერგეტიკას, მინისტრის განცხადებით, ამ დარგში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, მომავლისთვის.

"ეს არის ახალი ჰიდროელექტროსადგურები, თბოელექტროსადგურები, ასევე ელექტროგადამცემი ხაზები. ეს ყველაფერი კეთდება ერთი მარტივი მიზეზის გამო – საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა, რადგან რამდენად მეტ ელექტროენერგიას შემოვიტანთ მეზობელი ქვეყნებიდან, ეს არის ძალიან ცუდი. ეს პირდაპირ აისახება თითოეული ჩვენგანის ჯიბეზე, რადგან გვიწევს უფრო მაღალი ტარიფების გადახდა. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა", - განაცხადა კახა კალაძემ.