მსოფლიოს უმსხვილესი პორტები

გამოცემა Supply Chain მსოფლიოს ყველაზე მსხვილი და დატვირთული პორტების რეიტინგს აქვეყნებს.

რეიტინგის თანახმად, ჩინეთში მდებარე შანხაის პორტი მსოფლიოს ყველაზე მსხვილი და დატვირთული ნავსადგომია. სტრატეგიულ ობიექტზე ქვეყნის საგარეო ვაჭრობის ერთი-მეოთხედი მოდის. 2013 წლის მონაცემებით, პორტის ტევადობა 776 მილიონი ტონა იყო, რის გამოც შანხაის ნავსადგომი პლანეტის ყველაზე დატვირთულ პორტად დასახელდა.

მეორე ადგილზე სინგაპურის პორტია, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს სინგაპურსა და მსოფლიოს 600-ზე მეტ პორტს შორის. ყოველწლიურად ნავსადგომი 420 მილიონ ტონა ტვირთს ემსახურება. ხომალდების ტონაჟის აბსოლუტური სიდიდის მაჩვენებლით, სინგაპურის პორტს 1997 წლიდან პირველი ადგილი უკავია. 2005 წლამდე კი ტვირთბრუნვის მოცულობით აბსოლუტური ლიდერი იყო.

მესამე ადგილს Supply Chain-ის რეიტინგში ნიდერლანდების როტერდამის პორტი იკავებს, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია. ნავსადგომს სიღრმე საშუალებას აძლევს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდ ხომალდს Berge Stahl-ს მოემსახუროს.

მალაიზიის პორტი ტანჯუნგ პელეპასი მეოთხე ადგილზეა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ნავსადგომია. 2014 წელს პორტის კონტეინერების ტვირთბრუნვამ 10,4 მილიონი ტეუ შეადგინა. ცნობილმა სანაოსნო კომპანიებმა, როგორიცაა Maersk Sealand da Evergreen Marine, ოპერაციები მალაიზიის პორტში გადაიტანეს.

მეხუთე ადგილზეა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე ჰონკონგის პორტი, რომელიც აზიის რეგიონის ყველაზე მსხვილი ნავსადგომების ათეულში შედის. 2014 წლის მონაცემებით, ჰონკონგის საკონტეინერო პორტმა 298 მილიონი ტონა ტვირთი დაამუშავა. გარდა ამისა, გასულ წელს ნავსადგომს 189 500 სატვირთო და სამგზავრო ხომალდი ეწვია. ნავსადგომი ჰონკონგს მსოფლიოს 510 პორტთან აკავშირებს.

მეექვსე ადგილს იკავებს სამხრეთ ლუიზიანას პორტი, რომელიც აშშ-ში, მდინარე მისისიპიზე მდებარეობს და ქვეყნის უმსხვილეს ნავსადგომს წარმოადგენს. 2013 წლის პირველ კვარტალში პორტის გავლით ამერიკული ხორბლის 70%-მდე ექსპორტი განხორციელდა. პორტის სიგრძე მდინარის სანაპირო ზოლის გასწვრივ 87 კილომეტრს შეადგენს.

მეშვიდე ადგილს Supply Chain-ის რეიტინგში იკავებს დუბაიში მდებარე პორტი ჯებელ-ალი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდი ხელოვნურად შექმნილი ნავსადგომი და ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდი პორტია. ჯებელ-ალი ახლო აღმოსავლეთში საექსპორტო და საიმპორტო მიწოდების ჰაბია.

მერვე ადგილზეა ავსტრალიის ჰედლენდის პორტი. ღრმაწყლოვანი ნავსადგომის ტევადობამ 2013 წელს 288,44 მილიონ ტონას გადააჭარბა. ტვირთების გადამუშავების კუთხით პორტ ჰედლენდს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია.

გერმანიის ჰამბურგის პორტი, რომელიც მეცხრე ადგილს იკავებს, ქვეყნის ყველაზე დიდი პორტი და ევროპაში სიდიდით მესამე ნავსადგომია როტერდამსა და ანთვერპენის შემდეგ. 2013 წელს პორტის ტვირთბრუნვამ 138 მილიონი ტონა შეადგინა.

მეათე ადგილზე კი ბრიტანული ფელიქსტოუს პორტია, რომელზეც დიდი ბრიტანეთის კონტეინერბრუნვის თითქმის ნახევარი მოდის. Jornal of Commerce-ის შეფასებით, ნავსადგომის ტევადობა წელიწადში 3,4 მილიონ ტეუს აჭარბებს და გაერთიანებულ სამეფოს მსოფლიოს 360-ზე მეტ პორტთან აკავშირებს.

იხილეთ ფოტოგალერეა