მარნეულში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტი გაიხსნა

ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტის მშენებლობა დასრულდა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, პუნქტის მოწყობა და სამშენებლო სამუშაოები სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO), საერთაშორისო ორგანიზაცია "მერსი ქორფსის" "მცირეკავკასიის ალიანსების პროგრამის" (ALCP) ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. ახლადაშენებული ბიოუსფრთხოების პუნქტი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზაზა დოლიძესთან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

"მეცხოველეობის დარგის განვითარების მიზნით, სახელმწიფო გეგმაზომიერ და კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს. დაიწყო ცხვრის გადასარეკი ტრასების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის - ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობა. თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს მეცხოველეობის დარგის წახალისებას და ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის შენარჩუნებას", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ბიოუსაფრთხოების პუნქტების გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"მეცხვარეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი დარგია, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. შვეიცარიის მიერ დაფინანსებული ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტის პროექტი წარმოადგენს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი მიდგომის მნიშვნელოვან ელემენტს ცხოველთა მიკვლევადობისა და იდენტიფიცირებისთვის", - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა ოლივიე ბურკმა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით სულ ბიოუსაფრთხოების 6 პუნქტი მოეწყობა. ექვსი პუნქტიდან ორი - მარნეულსა და რუსთავში, "მერსი ქორფსის" მხარდაჭერით აშენდა, ხოლო ოთხს - დედოფლისწყაროში, სიღნაღში, თელავსა და ბოლნისში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ააშენებს.

ბიოუსაფრთხოების პუნქტი წარმოადგენს შემოღობილ, ბეტონის საფარით მოწყობილ ტერიტორიას, სადაც განთავსებული იქნება პირუტყვის სადეზინფექციო-გასაბანი აუზები, სადეზინფექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი. თითოეულ პუნქტში დღეში საშუალოდ 8 000 ცხვრის დეზინფიცირება მოხდება.