უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რომელ შენობაში გადავა სამუშაოდ ეკონომიკის სამინისტრო

უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, სად გადავა სამუშაოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. როგორც ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, ინვესტორთან შეთანხმდნენ, რომ სულ მცირე, 3 თვე დარჩებიან იმ შენობაში, სადაც დღეს არიან. "ამ წუთში 2 ალტერნატივა გვაქვს და უახლოეს დღეებში მოგვიწევს ჩამოყალიბება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

თბილისში, ჭანტურიას ქუჩა 12-ში მდებარე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა მიმდინარე წლის ივნისში აუქციონზე 9 450 000 აშშ დოლარად გაიყიდა. შენობა "ჰუალინგ ჯგუფმა" შეიძინა. "ჰუალინგ ჯგუფი", აუქციონის პირობებით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულებების შესაბამისად სამი წლის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს მოწყობას გეგმავს.