თბილისში მეექვსე ეკონომიკური ფორუმი "თავისუფალი ტრიბუნა" გაიმართა

სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" "თბილისის მეექვსე ეკონომიკური ფორუმი - თავისუფალი ტრიბუნა" გაიმართა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ფორუმის ფარგლებში გამართულ კონფერენციას - "საქართველოს ევროპული არჩევანის გამოწვევები" - თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. თბილისის მერიის ინფორმაციით, კონფერენციაზე მიწვეულმა ექსპერტებმა, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 2014 წლის პირველი დეკემბრიდან, ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან - დღემდე, საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის სოციალურ-ეკონომიკური ნაწილის, განსაკუთრებით კი - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების შედეგებთან დაკავშირებით იმსჯელეს. გარდა ამისა, ისაუბრეს იმ პრობლემებსა და წინააღმდეგობებზე, რომელთაც თავი აღნიშნული ერთი წლის განმავლობაში იჩინეს. დავით ნარმანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ისეთი სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რაც სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

"მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკური განვითარება რამდენიმე საინტერესო პრინციპს ეყრდნობა და ემყარება ჩვენთან, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ უფრო მეტად ვიყოთ ეკონომიკურად განვითარებულნი. უმთავრესი ჩვენთვის ის არის, რომ ინვესტიციებზე დამოკიდებული ეკონომიკის პირობებში, უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ, მეორე მხრივ კი, შევინარჩუნოთ ბაზარზე თავისუფალი კონკურენცია. ხაზგასასმელია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ბაზარზე ბარიერები და შეზღუდვა ნაკლებია, შესაბამისად, თავისუფალი კონკურენციის პირობებში, როცა ბიზნესს არავინ უშლის ხელს და პირიქით, მთელი სახელისუფლებო აპარატი მიმართულია ბიზნესის ხელშეწყობისკენ, მათ მეტი განვითარების შესაძლებლობები აქვთ. ახლა უკვე შემდგომი ნაბიჯების გადადგმის დროა, რაც გულისხმობს კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვას, კიდევ უფრო მეტი ტურისტის შემოყვანას და ისეთი სექტორების განვითარების ხელშეწყობას, რაც მომავალშიც ჩვენი ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალა გახდება",- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

კონფერენცის მონაწილეებმა, ღია დისკუსიის ფარგლებში, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმის პერსპექტივებისა და შესაძლებლობების საკითხებზეც იმსჯელეს.

შეხვედრა საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის, საქართველოს ბიზნეს პალატის, თავისუფალი ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტისა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.