საჯარო და კერძო თანამშრომლობის პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია მიმდინარეობს

სასტუმრო "რედისონში" საჯარო და კერძო სექტორში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია მიმდინარეობს. როგორც პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, როდესაც ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო, მისი ინიციატივით დაიწყო კერძო და საჯარო პარტნიორობის კანონმდებლობის შექმნა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ამ ნაწილში ქართულ მხარეს დახმარებას უწევს მსოფლიო ბანკი, ასევე აზიის განვითარების ბანკი. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე იქნება სწორედ ამ პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა.

"პოლიტიკის დოკუმენტი ეს არის დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ შემდგომში უკვე შევქმნით საკანონმდებლო და ქვენორმატიულ ბაზას. დღეს არსებული შეთანხმების მიხედვით, შემდეგ წლის შუაში უნდა გვქონდეს როგორც საკანონმდებლო ბაზა, ასევე უნდა ვიყოთ გადასული ქვენორმატიულ ბაზაზე. ეს არის ქვეყნის განვითარების შემდგომი ნაბიჯი. ეს არის ახალი ნაბიჯი ინვესტიციების მოზიდვისთვის და იმისთვის, რომ განვითარებულმა ინვესტორმა თავი იგრძნოს კომფორტულად იმ ახალი ინსტრუმენტებისთვის, რომელი ინსტრუმენტებიც მოჰყვება კერძო და საჯარო პარტნიორობას. კერძო და საჯარო პარტნიორობის მიმართულებები არის ძალიან მრავალმხრივი, ეს მიმართულებები იწყება ჯანდაცვიდან და განათლებით. შუაშია, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, არის სხვადასხვა წამახალისებელი ინვესტიციების ნაწილი, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ პრაქტიკულად დიდი პრივატიზების ნაწილი დავამთავრეთ ქვეყანაში. ამჟამად, იმისთვის, რომ დამატებითი ახალი ინვესტიციები მოვიზიდოთ, რა თქმა უნდა, საჭიროა ეს კანონმდებლობა. დღეს გვექნება ძალიან კარგი დისკუსია იმიტომ, რომ გადაწყვეტილებები იქნება მისაღები, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს მიმართულება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.