დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, რატომ გახდა საჭირო გარკვეული მიწის ნაკვეთების განკარგვაზე ან სარგებლობაში გადაცემაზე შეზღუდვის დაწესება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, რატომ გახდა საჭირო გარკვეული მიწის ნაკვეთების განკარგვაზე ან სარგებლობაში გადაცემაზე შეზღუდვის დაწესება. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროექტი. როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, ეს პროექტი დაიწყო თბილისში და არის ძალიან წარმატებული. მისივე თქმით, 2015 წლის დასაწყისში, უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროექტი და სულ 250 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის და 6500 ჰექტარი არასასოფლო სამეურნეო-დანიშნულების მიწის ინვენტარიზაცია განხორციელდა.

"ჩვენ ახლა რა პროექტიც შევიტანეთ, არის ის, რომ სახელმწიფომ თვითნებურად, კეთილი ნებით შეიზღუდოს სულ მცირე ერთი წლის მანძილზე ინვენტარიზაციის ფარგლებში აღწერილი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შემდგომი განკარგვა. იქვე ჩავწერეთ, რომ ამ პერიოდის მანძილზე, თუ ვინმეს კერძო სექტორიდან გააჩნია საკუთრების დამადასტურებელი უფლება, ის ჩვეულებრივ მივა საჯარო რეესტრში და მოახდენს ამის რეგისტრაციას. თუმცა, ჩანაწერში აქვე აღვნიშნეთ, რომ ამის შემდეგაც ავტომატურად არ ვიხსნით ამ შეზღუდვას, ამის შემდეგაც, სანამ თავიდან ბოლომდე სრულყოფილად არ იქნება მოკვლეული და მოძიებული კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ყველა შესაბამისი დოკუმენტი, მანამდე არ იხსნება ეს შეზღუდვა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ეს არის სწორი გადაწყვეტილება.

"ეს არის სწორი, კეთილი ნების გამოვლენა იმისათვის, რომ ერთი მხრივ, კერძო სექტორი იყოს დაცული, მეორე მხრივ, ჩვენ ვიცოდეთ ის სახელმწიფო მიწის ფონდი ან საერთოდ მიწის ფონდი, რომელიც ქვეყანაში გაგვაჩნია", - განაცხადა ქუმსიშვილმა. მინისტრმა განმარტა, რომ საუბარია შეზღუდვაზე და არა აკრძალვაზე.