დიმიტრი ქუმსიშვილი თურქმენეთში ვიზიტით გაემგზავრება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 23 დეკემბერს თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს "აღმოსავლეთ-დასავლეთის" გაზსადენის ექსპლუატაციაში შესვლის საზეიმო ცერემონიალში. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, ღონისძიება თურქმენეთის საპორტო ქალაქ თურქმენბაშიდან 75 კმ-ზე მდებარე "ბელეკის" საკომპრესორო სადგურის ტერიტორიაზე გაიმართება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, "აღმოსავლეთ-დასავლეთის" გაზსადენი აკავშირებს ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებში არსებულ გაზის უდიდეს საბადოებს კასპიის ზღვის სანაპიროს. გაზსადენის სიგრძეა დაახლოებით 800 კმ, გამტარუნარიანობა - წელიწადში 33 მლრდ კუბ.მ. მათივე ინფორმაციით, მიწოდებული გაზი გამოყენებული იქნება ქვეყნის დასავლეთ რეგიონების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, აგრეთვე საექსპორტოდ.