2016 წლის პესიმისტური პროგნოზები

რა ელის დოლარს, ევროს, ნავთობსა და ოქროს მომავალ წელს

მსოფლიოში მიმდინარე გლობალური კონფლიქტების, ნავთობზე ფასის ვარდნისა და დოლარის სხვა ვალუტებთან მიმართებაში გამყარების ფონზე, „ბლუმბერგი“ რამდენიმე პესიმისტურ სცენარს ქვეყნებს, რომელსაც შესაძლოა, 2016 წელს ჰქონდეს ადგილი.

„ბლუმბერგის“ პროგნოზი რამდენიმე ყოფილი და მოქმედი დიპლომატების, ეკონომიკური ექსპერტებისა და კონსულტანტების გამოკითხვას ეყრდნობა.

ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარს მიაღწევს

„ისლამური სახელმწიფო“ შუა აღმოსავლეთში ნავთობისმწარმოებელი ქვეყნების სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს განახორციელებს. საუდის არაბეთი და ოპეკ-ის წევრი ქვეყნები ნავთობის წარმოებას ვერ ზრდიან. შედეგად ვარდნის ნაცვლად, ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე გაიზრდება. ბირთვული ინდუსტრიის წარმოება შეიზღუდება ისევე, როგორც მზისა და ქარის ენერგიაზე მომუშავე კომპანიების.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს

ევროკავშირში ბრიტანეთის გაურკვეველი მომავლისთვის საბოლოო წერტილის დასმის მიზნით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა 2016 წლის მაისში რეფერენდუმი დანიშნა. დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში, ფუნტი მკვეთრად გაუფასურდება, დაეცემა ლონდონის ბირჟა, ინგლისის ბანკის პრეზიდენტი მარკ კარნი კი იძულებული იქნება გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი.

ბანკებზე კიბერთავდასხმები განხორციელდება

რუსი და ირანელი ჰაკერები შეიარაღებულ ძალებს შეუერთდებიან და აშშ-ის მიერ მათი ქვეყნებისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ, ამერიკის ფინანსურ სექტორზე კიბერშეტევებს განახორციელებენ. ყოველივე ამის ფონზე ფინანსური სისტემისადმი ნდობა შეირყევა, ბანკიდან ფულის მსესხებლები იძულებული იქნებიან, შეამცირონ სესხების აღება, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა კი იძულებული იქნება, კიდევ ერთხელ გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი.

ანტიმიგრაციული შიშის ფონზე ევროკავშირი იშლება

ევროკავშირის ქალაქებში პარიზის მსგავსი ტერაქტების სერია, 28 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარ კავშირში პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იძულებულია გადადგეს, საფრანგეთში კი მარინ ლე პენის პოპულარობა იზრდება. „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი სათავეში ჩაუდგება გამოსვლებს, რომელიც გაზრდის მოსახლეობაში ქსენოფობიასა და ეკონომიკურ შიშებს. შედეგად მისი პრეზიდენტობის პერსპექტივა მატულობს. ევრო უფასურდება და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მისი, როგორც ერთიანი ვალუტის, სიცოცხლისუნარიანობა.

ჩინეთის ეკონომიკა ეცემა

ჩინეთის ეკონომიკა უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე ამაზე ოფიციალური სტატისტიკის შედეგები მეტყველებს. აშშ-ის ახალი პრეზიდენტი სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში სამხედრო ყოფნას აფართოებს და მხარს უჭერს ტაივანში ახალ ანტიპეკინურ მთავრობას.

პუტინი ამერიკას გააცურებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკელ კოლეგას გააცურებს სირიასთან დაკავშირებულ საკითხში და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შეთანხმების ფარგლებში, შეძლებს სირიაში ხელისუფლების გადაბირებას. შეთანხმების შედეგად, დასავლეთ ევროპაში ლტოლვილთა ნაკადი იკლებს, რითაც რუსეთის მიმართ გერმანიის კანცლერისა და სხვა ევროპელი ლიდერების ზეწოლა სუსტდება. პუტინი საბოლოოდ იღებს იმას, რაც უნდა - აძლიერებს გავლენას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. რუსეთი ევროპის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი ხდება. შედეგად რუსეთის საფონდო ბირჟა და რუბლი მყარდება. გერმანიის საფონდო ბირჟები ძლიერდება, რადგან სანქციების მოხსნით ექსპორტი გაიზარდა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხდება

ნოემბერში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი იმარჯვებს, რომელიც ამკაცრებს სამიგრაციო პოლიტიკას მუსლიმებთან და მექსიკელებთან დაკავშირებით. ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე უზამაზარ ღობეს აღმართავს. ტრამპი გადაწყვეტილებების შედეგად დოლარის კურსი ეცემა, ოქროს ფასი იზრდება, ასევე უფასურდება მექსიკური პესო. აშშ-ის თავდაცვა იძულებულია, ხარჯები გაზარდოს.