Zara, Mango და H&M თურქეთში მუშაობის შეწყვეტაზე დაფიქრდნენ

რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გამო, მსოფლიო ბრენდებმა - Zara, Mango და H&M -  შესაძლოა, თურქეთში ტანსაცმლის ფაბრიკები დახურონ.

თურქი ჟურნალისტების ინფორმაციით, კომპანიებმა თურქი პარტნიორებისგან უკვე მოითხოვეს იარლიყზე დატანილი წარწერის - „დამზადებულია თურქეთში“ წაშლა. თურქული მედია წერს, რომ უახლოეს პერიოდში "ზარა", "მანგო" და H&M რუსეთისთვის განკუთვნილი საქონლის წარმოებას თურქეთის ნაცვლად სხვა ქვეყნებში აპირებენ.

18 დეკემბერს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მოსკოვი თურქეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს. დღეს კი რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი თურქეთიდან ტექსტილის იმპორტის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა.

მისი თქმით, სამინისტროს სურს, მსუბუქი მრეწველობის პროდუქციის 70-80%-ის იმპორტი აკრძალოს. საუბარია თურქეთში წარმოებულ ტანსაცმელზეც.

ბოლო ცხრა თვის განმავლობაში თურქეთმა რუსეთში 514 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ტექსტილის პროდუქციისა და 48 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ფეხსაცმლის იმპორტი განახორციელა.