სემეკმა რამდენიმე თბოელექტროსადგურს წარმოების ტარიფი გაუზარდა

სემეკ-მა თბოელექტროსადგურებისთვის 2016 წლის ელექტროენერგიის ტარიფები დაადგინა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს.

"კომისია ყოველწლიურად ახორციელებს სატარიფო რეგულირებას თბოელექტროსადგურებთან და გადაცემის ლიცენზიანტებთან მიმართებაში. შესაბამისად, ამ კომპანიებმა შემოიტანეს სატარიფო განაცხადები. კომისიამ თითოეულ კომპანიასთან მიმართებაში განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. ზოგ კომპანიასთან მიმართებაში ტარიფი შემცირდა, ზოგთან – მცირედით გაიზარდა, თუმცა მთლიანობაში ეს სამომხმარებლო ტარიფზე ზეგავლენას ვერ მოახდენს", - განაცხადა სემეკ-ის წევრმა გოჩა შონიამ.

უფრო კონკრეტულად, ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის" (თბილსრესის №3, 4 ბლოკები) 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი 11,303 თეთრით განისაზღვრა (დღგ-ის გარეშე), მაშინ როდესაც 2015 წელს მოქმედი ტარიფი 10,194 თეთრს შეადგენდა; "მტკვარი ენერგეტიკის" ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფი მცირედით შემცირდა და 10,748 თეთრით განისაზღვრა (2015 წელი – 10,871); ,,ჯიფაუერისთვის" ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი 7,534-დან 8,460 თეთრამდე გაიზარდა. კომისიამ ასევე დაადგინა "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის" ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ახალი ტარიფები, კერძოდ, გადაცემა – 0,754 თეთრი/კვტ.სთ (2015 წელს მოქმედი ტარიფი – 0,758) და დისპეჩერიზაცია - 0,098 თეთრი/კვტ.სთ (2015 წელს მოქმედი ტარიფი - 0,102). რაც შეეხება "ენერგოტრანსისთვის" ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფს, 2016 წელს ის 500 კვ-ზე - 0,42 თეთრი/კვტ.სთ, 400 კვ-ზე კი 0,29 თეთრი იქნება.