ბათუმში წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გაგრძელდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) შორის "ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის მე-4 ფაზა" სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულებები გაფორმდა. ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ლარს ოერმანმა. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული პროექტი წარმოადგენს აჭარაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით 2006 წლიდან მიმდინარე წყალმომარაგების და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელებას. პროექტი საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური თანამშრომლობის ჭრილში ერთ-ერთი ფლაგმანური პროექტია და ითვალისწინებს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების წყლისა და ქსელის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას.

პროექტი ხორციელდება სამ ფაზად და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ KFW-ს მეშვეობით გამოყოფილია დაახლოებით 89 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი სესხის სახით და დაახლოებით 28 მილიონი ევრო გრანტის სახით, სადაც ევროკავშირის წილი NIF-ის მეშვეობით შეადგენს 8.5 მილიონ ევროს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გარდა ბათუმისა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ასევე გათვალისწინებულ იქნა ბათუმის მიმდებარე სოფლებში (გონიოში, კვარიათში, სარფში, ახალსოფელსა და ადლიაში) კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. ამ ეტაპისათვის საქართველოსათვის გამოყოფილი იქნება 32 მილიონი ევრო.

პროექტი ხელს შეუწყობს აჭარაში ტურიზმის სწრაფ განვითარებას, აამაღლებს დამსვენებელთა მომსახურების ხარისხს და წაახალისებს კერძო ინვესტიციების შემოდინებას რეგიონში. კომუნალური ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაციის შემდგომ, ბათუმის, როგორც ტურისტული-საკურორტო და საინვესტიციო ქალაქის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარეობს პროექტები, მათ შორის ისეთი პრიორიტეტული მიმართულებით, როგორიც არის ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა, დაცული ტერიტორიების განვითარება და დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.