სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემით, საქართველოდან 20 000 ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინია ექსპორტირებული

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ,,ნარინჯისფერი რთველის" სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, 22 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 20 000 ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი, გადამუშავებულია 5 000 ტონამდე ციტრუსი. სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 990 000 ლარს მიაღწია, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 494 000 ლარამდეა. სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი - 16 549 ტონა (80.10%), უკრაინა - 2 690 ტონა (13.02 %), სომხეთი - 574 ტონა (2.78 %), აზერბაიჯანი - 205 ტონა (0.99 %), ყაზახეთი - 407 ტონა (1.97 %), ბელორუსი - 161 ტ. (1.15 %), სხვა ქვეყნები 74 ტ. (0.35 %).

ამ ეტაპზე, მანდარინის მიღება-გადამუშავებას აწარმოებს ექვსი ქარხანა: ქობულეთში - Georgian Industrial Asset Management Group და შპს TCF Georgia, ქედაში დაემატა შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა", ამბროლაურის მუნიციპალიტეტში GEO-Flowers, ჩოხატაურში შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ჩოხატაური" და გორში შპს ,,კულა".

საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებენ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ პროექტს, რომლის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ. საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად, წლევანდელ სეზონზე, აჭარისა და გურიის რეგიონებში მანდარინის ჩაბარება 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონშია შესაძლებელი.

,,ნარინჯისფერი რთველის" ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, 2015 წლის 1 ნოემბრიდან ქალაქ ბათუმში შექმნილია ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი. ფუნქციონირებს ცხელი ხაზიც - 2 47 01 01. ყველა დაინტერესებულ პირს ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.apma.ge შეუძლია.