გაძვირდება თუ არა პური?

2016 წლის 1 იანვრიდან ხორბლის ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა მოსალოდნელი: ძალაში შედის ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი.

რეგლამენტის მიხედვით, ფქვილის ეტიკეტირება სავალდებულო იქნება. კერძოდ, პურის ეტიკეტზე უნდა იყოს დატანილი წარწერა, რომელზეც მითითებული იქნება ფქვილის შემადგენლობა და ხარისხი - ამის წყალობით მომხმარებელი სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებს, თუ რა შემადგენლობისაა პროდუქტი, რომელსაც მოსახლეობის რაციონში უპირველესი ადგილი უკავია. რა ცვლილებებს გამოიწვევს ეს ხორბლისა და პურის ბაზარზე? ხომ არ მოიმატებს პურისა და პურპროდუქტების ფასი? - ამ შეკითხვებზე მე-4 პურის ქარხნის დირექტორმა, პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ გვიპასუხა:

მალხაზ დოლიძე - ზაფხულში ტექნიკური რეგლამენტი შემოღებული არ იყო, მაგრამ ფქვილი მაინც გააძვირეს: 37-ლარიანი ფქვილი ჯერ 44 ლარი გახდა, მერე კი, მხოლოდ ერთი ლარით დაიკლო. გულახდილად გეტყვით: დიდი შიშით ვუყურებთ, რომ ეს ცვლილება ვინმემ სათავისოდ არ გამოიყენოს და ფქვილი არ გაგვიძვირონ, თორემ თავისთავად რეგლამენტი ცუდი როდია - ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი ხარისხის გასაუმჯობესებლად. მთავარია, ეს რეგლამენტი ვიღაცების მიერ სათავისოდ არ იქნას გამოყენებული - აი, ეს მაშინებს ყველაზე მეტად. ფქვილი თუ გაძვირდება, ეს მცირე მეწარმესაც დააზარალებს და მსხვილსაც. პირველ რიგში კი, პურის ფასს "დაარტყამს". თუმცა მე ახლა გადაწყვეტით ვერ ვიტყვი, რომ რეგლამენტის შემოღება ფქვილის გაძვირებას გამოიწვევს.

"ფქვილის გაძვირება დოლარის კურსის შეცვლამ გამოიწვია და არა სხვა მიზეზებმა", - ამბობს საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა და რეგლამენტის შემოღებას ნორმალურ მოვლენას უწოდებს. "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას მან შემდეგ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება:

ლევან სილაგავა: "სხვათა შორის, ეტიკეტირება 1 სექტემბერს უნდა შემოსულიყო, სამი თვით გადაიდო და მომავალი წლიდან შემოდის. როგორც ვიცი, რამდენიმე თვეში ძალაში პურის ტექნიკური რეგლამენტიც შევა და ეს ყველაფერი პურპროდუქტების ბაზარს უფრო გამჭვირვალეს გახდის. ჩვენ, ფქვილის მწარმოებლებს, ხარისხობრივი მაჩვენებლები ისედაც დაცული გვაქვს, შესაბამისად ეტიკეტირებას აქამდეც ვაკეთებდით, პროდუქციის სახელი, გამოშვების ვადა და ხარისხი ფქვილის ტომრებს ახლაც აწერია, უბრალოდ, მომავალში შეფუთვაზე უფრო ამომწურავი ინფორმაცია იქნება დატანილი. ეტიკეტირება დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული და ფქვილის ფასზეც ვერ იმოქმედებს. ტექნიკური რეგლამენტი ბაზრის მოწესრიგებას შეუწყობს ხელს იმიტომ, რომ შიგთავსში რაც არის, ტომარას გარეთაც ის უნდა ეწეროს".

ლევან სილაგავას თქმით, ყველა ის ხარისხობრივი მაჩვენებელი, რომელიც ტექნიკური რეგლამენტშია გაწერილი, უნდა შესრულდეს:

- ტექნიკური რეგლამენტი შენახვის პირობების დაცვასაც გულისხმობს. კერძოდ, ტომრები პალეტებზე უნდა ინახებოდეს, პალეტების წყალობით ფქვილი ისე ინახება, რომ ზაფხულში არ ჩახურდეს, ხოლო ზამთარში - არ დანესტიანდეს. კიდევ ბევრი ასპექტია გასათვალისწინებელი, ამიტომ, პირველ ეტაპზე აქტიური მუშაობა მოგვიწევს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რომელიც წისქვილკომბინატებს შესაბამის რეკომენდაციებს გაუწევს. ისინი ბიზნესს სწორ მიმართულებას მისცემენ, ამიტომ მათზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. სწორედ ერთობლივი მუშაობით გადაწყდება, თუ როგორ იმუშავებს ეს კანონი პრაქტიკულად. ჩემი აზრით, ნელ-ნელა ყველაფერი მწყობრში ჩადგება, სულ რამდენიმე თვე დაგვჭირდება, რომ ეს კანონი რეალურად ამუშავდეს. ლევან სილაგავას შეფასებით, ამ წუთებში იმის წინაპირობა არ არსებობს, რომ ფქვილი და პური გაძვირდეს. ამიტომ, უახლოეს თვეებში გაძვირება მოსალოდნელი არ არის.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ტექნიკური რეგლამენტის შემოღება პროდუქციის ხარისხსაც მოაწესრიგებს. ცნობილია, რომ ბოლო წლებში ბაზარი უხარისხო პროდუქციისაგან დაცული არ იყო და დღესაც არავის აქვს ინფორმაცია, რა დანამატებს შეიცავს პური. ამას სტრატეგიული კვლევების ცენტრის ექსპერტი, პროფესორი ეთერ სარჯველაძეც ადასტურებს:

"დაწვრილებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შემადგენლობისაა პროდუქტი, მას აუცილებლად უნდა ახლდეს. შეიძლება მეწარმემ უმაღლესი ხარისხის ფქვილის ნაცვლად პირველი ხარისხი გამოიყენოს, რასაც ადამიანი ნაკლებად შეამჩნევს. დიეტურ პურშიც შეიძლება იყოს დანამატები და ასეთი პური ვერ დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს. ამიტომ, მარტო ფქვილის კი არა, პურის ტექნიკური რეგლამენტიც უნდა არსებობდეს. აქვე უნდა გამოვყო ჭვავის პურის პრობლემა, რომელიც საქართველოში ყოველთვის იყო და დღესაც არის: ჭვავი ჩვენთან არ არის იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც იყიდება. საბჭოთა პერიოდში დაშვებული იყო, რომ ჭვავის ფქვილთან ერთად პურში ყოფილიყო სხვადასხვა მინარევი, მაგრამ ეს ჯანმრთელობისთვის ერთგვარი რისკია. ამიტომ, თუკი მომხმარებელი ზარალდება, მეწარმემ ასორტიმენტი უნდა შეცვალოს. ფქვილის ეტიკეტზე ყველაფერი მითითებული უნდა იყოს და პურიც სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. მით უმეტეს, ამ ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში სრული განუკითხაობა იყო - არსებობდა ასეთი მიდგომა - მომხმარებელი თვითონ გადაწყვეტს რა იყიდოსო, მაგრამ მომხმარებელმა რა იცის? - წლებია უკვე სურსათის უვნებლობის სფეროში ვმუშაობ, მაგრამ ერთი შეხედვით მეც ვერ ვარჩევ ხარისხიანია თუ არა პროდუქტი. ამის დამტკიცებას მილიონიანი აპარატურა და სერიოზული კვლევები სჭირდება", - ამბობს ეთერ სარჯველაძე.

ხათუნა ჩიგოგიძე