"ლარის კურსი 1,7 ნიშნულზე რომ ყოფილიყო, საწვავი 80 თეთრით ნაკლები იქნებოდა"

ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1.7 ნიშნულზე რომ ყოფილიყო, საწვავი დაახლოებით, 70-80 თეთრით იაფი იქნებოდა.

ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა რადიო ”პალიტრის” გადაცემა ”საქმეში” განაცხადა. მისი თქმით, თუ ლარი გამყარებას დაიწყებს, საწვავზე ფასების შემცირება გაგრძელდება.

”თუ ლარმა გამყარება დაიწყო, რა თქმა უნდა, ფასების შემცირება გაგრძელდება. დღეს რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,7- ზე ყოფილიყო, საწვავი 70-80 თეთრით იაფი იქნებოდა”, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში საწვავის ფასი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, იაფია და მაგალითად, სომხეთთან შედარებით, ჩვენთან საწვავი 10-15 თეთრით ნაკლები ღირს.

„აზერბაიჯანში ”სუპერი” და ”პრემიუმი”, რომელიც ადგილობრივი არ არის და იმპორტირებულია, 2,30 -2, 35 ღირს. ჩვენთან საწვავი იაფია, ვიდრე უკრაინაში, ვიდრე მოლდოვაში. საქართველოსთან შედარებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში საწვავი იაფი მხოლოდ ბელორუსსა და რუსეთშია. მოგეხსენებათ, რუსეთი დიდი მწარმოებელია, საკუთარი წარმოება აქვს ბელორუსსაც”, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

ვანო მთვრალიაშვილის თქმით, საქართველოში საწვავის ფასების დიაპაზონიც განსხვავებულია და ბრენდირებულებს აქვთ აბსოლუტურად სხვა ფასი.

„მაგრამ არაბრენდირებული ქსელიც არის. თუ ქვეყანაში დღეს ბრენდირებულების რაოდენობა არის 530, არაბრენდირებულების რაოდენობა არის 450-მდე. ანუ თითქმის გათანაბრდა არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურების რაოდენობა ბრენდირებულთან შდარებით და ფასი იქ 20-25 თეთრით ნაკლებია”, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა რადიო „პალიტრის“ გადაცემა „საქმეში“.