განათლების სამინისტრომ და "ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციამ" მემორანდუმი გააფორმეს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ და "ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, სულხან ხვედელიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, მემორანდუმის მიზანია მეტალურგიის დარგის პოპულარიზაცია და ამ დარგით სტუდენტთა დაინტერესება. მემორანდუმის ფარგლებში, ასოციაცია უზრუნველყოფს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას, გაუწევს ორგანიზებას სტუდენტებთან, მათ შორის, პროფესიულ სტუდენტებთან, საინფორმაციო სახის შეხვედრებს, მათ წახალისებას სტიპენდიებით. ასოციაცია ასევე დაგეგმვას დამატებით ტრენინგებსა და სემინარებს სტუდენტებისთვის, რომლებიც პრაქტიკებს ასოციაციაში შემავალი კომპანიების საწარმოებში გაივლიან.

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ასოციაცია წევრი ორგანიზაციების წარმომადგენელთა და მეტალურგიის სფეროში ექსპერტთა ჩართულობით, დასაქმების ბაზარზე საჭირო ან არსებული პროფესიული სტანდარტების მომზადების და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესშიც ჩაერთვება.

კომპანია ასევე იღებს ვალდებულებას თავის წევრ ორგანიზაციებში იმ პირთა დასაქმების მხარდაჭერის კუთხით, რომელთაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღეს, ასევე ასოციაცია

თავის წევრ ორგანიზაციათა საწარმოო ბაზაზე, პროფესიული განათლების მასწავლებლებს გადაამზადებს, მოიძიებს WorldSkillS-ის კონკურსისთვის სპონსორებს და უზრუნველყოფს კონკურსთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებში ჩართულობას. ასოციაცია სამინისტროსთან ერთად, ასევე მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის ორგანიზებაში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.