დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების სააგენტოს პეკინის #23-ში საბავშვო ბაღის პროექტის მომზადება დაავალა

დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პეკინის #23-ში საბავშვო ბაღთან დაკავშირებული საპროექტო გადაწყვეტილების დროულად მომზადება დაავალა.

როგორც დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, პეკინის #23-ში საცხოვრებელი კორპუსის ნაცვლად საბავშვო ბაღი განვითარდება.

"ვავალებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, რომ დროულად მოამზადოს საპროექტო გადაწყვეტილება, რათა მოხდეს ბაღის შენობის აღდგენა-გამაგრება, შიდა რემონტი, ეზოს კეთილმოწყობა და ყველანაირი პირობები შეიქმნას უახლოეს მომავალში იმისათვის, რომ იქ დაბრუნდნენ ბავშვები, რომ ამ უბანს შეემატოს დამატებით ერთი მუნიციპალური საბავშვო ბაღი, რომელიც ისევე როგორც სხვა საბავშვო ბაღები, უფასო იქნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პეკინის #23-ში მოქალაქეების ინფორმაციით, კერძო კომპანია "ელზურო" მასშტაბურ მშენებლობას გეგმავდა. ადგილობრივი მოსახლეობა დაგეგმილ მშენებლობას აქციებით აპროტესტებდა. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს "ელზუროს" გამსახურდიას გამზირის #23ა-ში მდებარე 3 461 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაეცემა გორგასლის #63-ში მდებარე 7 793 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. გამსახურდიას #23ა-ში კი სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებას განაახლებს.