CENN-ის ინფორმაციით, ხობის სოფლებში მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგება მოუწესრიგებელია

კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ კი ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობისათვის სათბობი შეშის მოპოვება კვლავ გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. როგორც CENN-ის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის კოორდინატორი, მაია კოდუა აცხადებს, სოფელ შუა ხორგის მოსახლეობისათვის სოციალური ჭრის ტყეკაფი ამავე სოფლის ყოფილ საკოლმეურნეო ტყეშია გამოყოფილი, თუმცა ამ ტყეკაფიდან საცხოვრებელ სახლამდე შეშის მიტანა საკმაოდ რთული პროცესია.

"ამ ტყეკაფში მოჭრილი შეშის ტრანსპორტირება ტყეში გარკვეულ მანძილზე მარხილით ხდება, გამწევ ძალად კი ცხენი ან ხარი გამოიყენება, შემდეგ ხელნაკეთი პატარა ნავით გადმოაქვთ არხზე და ბოლოს კი ოთხთვალა ურიკით მიაქვთ სახლამდე. ერთ ჯერზე კი მხოლოდ ერთი კუბური მეტრი შეშის გამოტანაა შესაძლებელი. აღნიშნულ ტყეკაფში სატყეო გზის მოწესრიგებაც თვითონ მოსახლეობას უწევს. რაც შეეხება, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს, რომელიც ტყეკაფიდან ტრანსპორტირების დაწყებამდე უნდა იყოს გამოწერილი, ესეც გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული ტყის მცველების არასაკმარისი რაოდენობისა და დოკუმენტის მოქმედების 12 საათიანი ვადის გამო", - აცხადებენ CENN-ში. მათივე ინფორმაციით, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში მცხოვრები ოჯახებიც ტყეკაფებიდან შეშას საჭაპანო ტრანსპორტით ეზიდებიან.

"ზემო ქვალონის მოსახლეობისათვის კი ტყეკაფი გამოყოფილია სოფლიდან 30 კმ-ის დაშორებით ქარიატაში, სადაც სატყეო გზები მოუწესრიგებელია და მხოლოდ საჭაპანო ტრანსპორტის გამოყენებაა შესაძლებელი. ამიტომ, მოსახლეობას იქ წასვლა არ უღირს და სოციალური ჭრის ტყეკაფით არც სარგებლობს. საკარმიდამო მიწის ფართობებზე და საყანე მიწებზე მცირე რაოდენობით არსებულ ხე-მცენარეებს იყენებენ საშეშედ, ამ გზით მოპოვებული შეშა კი შესაბამისად მცირეა და უჭირთ, განსაკუთრებით თუ ზამთარი მკაცრი დადგა. მხოლოდ ცალკეული ოჯახები ახერხებენ შეშის ყიდვას. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტით, სოციალურად დაუცველი ოჯახების შეშით უზრუნველყოფისთვის თანხები გათვალისწინებული არ არის. ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის განცხადებით, ამ კატეგორიის ოჯახებს კეთილი მეზობლები და ახლობლები უწევენ დახმარებას შეშით.

სოფელ ბიაში კი მოსახლეობის 60-70%-ს საკუთრებაში არსებულ მიწებზე ტყე აქვთ გაშენებული და კარგად ფლობენ ხეების მოვლა-აღდგენის წესებს. სოფელ ბაიას მკვიდრი, დათო ღვინჯილია აღნიშნავს, რომ მას 120 ძირამდე რცხილის, მუხის და წიფლის ხეები აქვს დარგული და უვლის.

ამ სოფელში ყოფილი საკოლმეურნეო ტყე უკვე რამდენიმე წლის წინ დაიხურა და იქ ჭრები არ არის დაშვებული.

შეშის მონიტორინგი ხორციელდება CENN-ის მიერ, "ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული ქვეყნებისათვის სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების მეორე პროგრამის (ENPI East FLEG II)" ფარგლებში, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მხარდაჭერით. ინიციატივა ფინანსდება ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) მიერ",- ნათქვამია ინფორმაციაში.