აფბა - ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში ფასების სტაბილურობა ვერ უზრუნველყო

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას აკრიტიკებს და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის უარყოფით შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაციის ანალიტიკოსმა მერაბ ჯანიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2015 წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 6,3%, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0,3 პროცენტი შეადგინა.

"აღსანიშნავია, რომ უკვე 4 თვეა რაც წლიური ინფლაციის დონე ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მიზნობრივ მაჩვენებელს, 5,0%-ს გასცდა. ეს იმ ფონზე, როდესაც სებ-ი წლის დასაწყისიდან მოყოლებული პერმანენტულად ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მონეტალური პოლიტიკის კოეფიციენტი კიდევ ერთხელ, 0,5%-ით გაიზარდა და 8%-ით განისაზღვრა. ასეთი მაღალი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი ბოლოს 2011 წლის ივნისში იყო. ამასთან საგულისხმოა, რომ 2015 წლის განმავლობაში რეფინანსირების სესხის განაკვეთი 4%-დან პერიოდულად 8%-მდე გაიზარდა. მიუხედავად მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრებისა ინფლაცია ყოველთვიურად იზრდება. 2015 წელს, რეფინანსირების სესხის შემოღების დღიდან (2008 წელი), პირველად მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი ერთ წელიწადში 4%-ით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ასეთი სწრაფი ზრდა კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში გაზრდილ ინფლაციურ მოლოდინებზე", - აცხადებს ჯანიაშვილი.

მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ჰპოვებს უარყოფით ასახვას, - "მარტივად რომ ვთქვათ, სებ-ი აძვირებს ბანკებისათვის მისაცემ რეფინანსირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, რაც ბანკებს თავის მხრივ უბიძგებს საკუთარ საკრედიტო პროდუქტებზე პროცენტები გაზარდონ. ამასთან, ზოგიერთი სესხის პროცენტი პირდაპირაა მიბმული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე. მაგალითად, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები. ეროვნული ბანკის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად მსგავსი ტიპის სესხის მქონე 8 587 ადამიანს კრედიტი გაუძვირდა".

მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობაა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, - "ინფლაციის მიზნობრივ დონეზე შენარჩუნება სებ-ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ერთადერთი ვალდებულებაა, რომელსაც სამწუხაროდ, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა თავი ვერ გაართვა.

"საქართველოს ეროვნული ბანკი გაზრდილ ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად გაუფასურებულ ლარს და ამ პროცესის შედეგად გაძვირებულ პროდუქციას ასახელებს.

ინფლაციის ზრდის განმსაზღვრელი კვლავ მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებია. კერძოდ, გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული წარმოების შუალედური ხარჯების გაძვირება და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა", - აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

ლარის გაუფასურება, რომ ქვეყანაში ფასების ზრდას გამოიწვევდა, ადვილად სავარაუდო იყო. თუმცა, ლარის კურსის გაუფასურების დაწყების დღიდან ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და სავალუტო რეზერვების ხარჯვას ეწინააღმდეგებოდა, მიზეზად სესხების გაძვირებას და ეკონომიკური ზრდის შეჩერებას ასახელებდა. ამასთან სებ-ის განცხადებით, არ სურდათ სავალუტო რეზერვების უაზრო ხარჯვა, რადგან მას შედეგი მაინც არ მოჰყვებოდა. შედეგად, თუ 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა, შემცირებული უცხოური ვალუტის ფონზე, ლარის კურსის გაუფასურების წინაშე იდგა, ეროვნული ბანკის არასწორმა პოლიტიკამ, ლარის კურსის სტაბილურობისთვის მონეტარული ბერკეტების გამოუყენებლობამ 1 წლის თავზე ქვეყანა უამრავი ეკონომიკური პრობლემის წინაშე დააყენა. მათ შორის, გაიზარდა ინფლაცია, გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა, რაც ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს, დაიხარჯა სავალუტო რეზერვები და ლარი 40%-ით გაუფასურდა. ამასთან, მინდა ეროვნულ ბანკს მივმართო კითხვით, - რატომ არ მოხდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ლარის გაუფასურების შესაჩერებლად, თუ 1 წლის თავზე კურსის დევალვაციის შედეგად წარმოქმნილ ინფლაციასთან გასამკლავებლად რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრად გაზრდა მაინც გახდებოდა საჭირო? - განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა. აღნიშნული ბრიფინგის შესახებ ინფორმაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბამ" გაავრცელა.