"ჰიპის" აგარის ქარხანა მუშაობას წყვეტს

აგარაში მდებარე ”ჰიპის” ქარხანა, რომელიც კონცენტრატებს ამუშავებს, მუშაობას წყვეტს.

ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” ”ჰიპის” ქართული წარმომადგენლობის დირექტორმა ვასილ ახვლედიანმა განუცხადა. მისივე თქმით, ქარხნის მუშაობის შეწყვეტის მიზეზი ნედლეულის სიმცირეა.

”მუშაობის შეწყვეტას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. წელს მოსავალი არ არის, ფიზიკურად არ არის ვაშლი. ჩვენ დიდი წარმადობა გვაქვს. თუ დიდი რაოდენობით ვაშლი არ გვექნება, მუშაობას აზრი არ აქვს. იმედი გვაქვს, მომავალი წლისთვის ავმუშავდებით”, - აღნიშნა ვასილ ახვლედიანმა.

”ჰიპის” ქართული წარმომადგენლობა ამ ეტაპზე ძირათადად, კარტოფილსა და მარცვლეულს აწარმოებს, მაგრამ მომავალი წლიდან აქცენტი ბოსტნეულზე, ერთწლიან კულტურებზე გადააქვს. ”ინვესტირება წარმოებაში, აგროსექტორში გადაგვაქვს. საუბარია ბიობოსტნეულის წარმოებაზე. ამისთვის შესაბამის მიწას ვეძებთ. ნაწილი უკვე შევიძინეთ ქართლში, გორის რაიონში, ცხინვალთან ახლოს 80 ჰექტარი მიწა გვაქვს. იქ გვინდა ბიობოსტნეულის წარმოების დაწყება, მაგრამ ეს მიწა მცირეა. დასავლეთ საქართველოშიც ვეძებთ მიწას”, - აღნიშნა ვასილ ახლედიანმა და დასძინა, რომ თუ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა არ იქნება, მაშინ ”ჰიპი” სხვა ქვეყნებში განახორციელებს ინვესტიციებს. 

ბავშვთა კვების მწარმოებელი გერმანული კომპანია “ჰიპი” საქართველოში 2009 წლიდან საქმიანობს.

თამარ კორკოტაშვილი

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე