თურქეთის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრი პირველი საერთაშორისო ვიზიტით საქართველოს ეწვია

თურქეთის რესპუბლიკის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრი, ბიულენთ თუფექჩი თანამდებობაზე დანიშნვის შემდეგ პირველი საერთაშორისო ვიზიტით საქართველოს ეწვია.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, სტუმარს "სარფის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თავისი ქართველი კოლეგა ნოდარ ხადური და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დახვდნენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრებმა ერთად "სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტი დაათვალიერეს, საბაჟო პროცედურებს გაეცნენ. დღესვე გაიმართა გაფართოებული შეხვედრა ქართულ და თურქულ დელეგაციებს შორის. შეხვედრას ქართული მხრიდან ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი დაესწრნენ. თურქული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ და ართვინის გუბერნატორმა მეჰმეთ ალი ოზთურქიმ. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, ისეთი თემები, როგორიცაა საქართველოს და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გააქტიურება, საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვა, ტურისტული და სატრანსპორტო ნაკადების გაზრდის ხელშეწყობა.

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა თურქ კოლეგას არჩევნებში მისი პარტიის "სამართლიანობის და აღორძინების" გამარჯვება მიულოცა. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ორმხრივი პარტნიორობის გარდა, ორ ქვეყანას აერთიანებს ისეთი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტები, როგორებიცაა აბრეშუმის გზის რკინიგზისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტები, რომლებშიც ასევე ჩართულია აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

"დადგა დრო, როცა ჩვენი ქვეყნები უნდა გასცდნენ ორხმრივი თანამშრომლობის ფორმატს და თანამშრომლობა გაგრძელდეს სამმხრივ ფორმატში. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული გეოპოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივად, სამივე ქვეყნის ძალისხმევით. ჩვენი თვალსაწიერი უნდა მოიცავდეს მთლიანად, რეგიონულ სატრანსპორტო დერეფანს, სადაც შედის საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და რომლის განვითარების პერსპექტივა ასევე მოიცავს თურქმენეთს, ყაზახეთს და სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

შეხვედრაზე თურქეთის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრმა თურქეთის მთავრობის სახელით ქართველ კოლეგებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მან მზადყოფნა გამოთქვა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდეს. სტუმარმა ქართველი კოლეგა 26 იანვარს, საბაჟოს საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე თურქეთში მიიწვია.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა საბაჟო სფეროში შესაბამისმა სამსახურებმა ოპერატიულ რეჟიმში გაცვალონ ინფორმაცია და მონაცემები, რაც ხელს შეუწყობს მომსახურების გაუმჯობესებას და ნდობის ამაღლებას ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციას შორის.

თურქეთის რესპუბლიკის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დღესვე დასრულდა. ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის რესპუბლიკის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრი უახლოეს პერიოდში უფრო ხანგრძლივი დროით შეძლებს საქართველოში ჩამოსვლას და ქართველ პარტნიორებთან შეხვედრას.