საქართველომ, ირანმა, სომხეთმა და რუსეთმა "ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ" მემორანდუმი გააფორმეს

ოთხმა ქვეყანამ - საქართველომ, ირანმა, სომხეთმა და რუსეთმა "ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ" მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ერევანში მოაწერა ხელი. როგორც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, მემორანდუმი ითვალისწინებს საკოორდინაციო საბჭოს შექმნას და რეგიონალურ სადისპეჩერო ცენტრზე მუშაობას. სამინისტროს ინფორმაციით, ეს ხელს შეუწყობს ოთხივე ქვეყნის ელექტროსისტემის მუშაობის ეფექტურობის გაზრდას, სწრაფ რეაგირებას კრიზისული და საგანგებო სიტუაციების დროს, ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ვაჭრობის განვითარებას, სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის სათანადო სასისტემო და სისტემათაშორისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. მათივე ცნობით, აღნიშნული შექმნის ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობას, ხელს შეუწყობს ელექტროენერგიით ვაჭრობის განვითარებას და მდგრადი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან. კახა კალაძემ და ჰოვიკ აბრაჰამიანმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე.