"სახელმწიფო ელექტროსისტემის" ინფორმაციით, ავარიული სიტუაციების რიცხვი მინიმუმამდე დაიყვანეს

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დიაგნოსტიკის სამსახურმა სსე-ის ბალანსზე არსებულ ქვესადგურებში დამონაჟებულ ელექტრომოწყობილობებზე დიაგნოსტიკური სამუშაოები განახორციელა. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში, სრული დიაგნოსტიკური შემოწმება ჩაუტარდა ძალოვან, დენისა და გაზის ტრანსფორმატორებს, ავტოტრანსფორმატორებს, რეაქტორებს, ამომრთველებსა და მცლელებს. შემოწმდა დამიწების კონტურები და ელექტროგადამცემი ხაზებიც.

"დიაგნოსტიკური შემოწმება თბოვიზორის საშუალებით განხორციელდა. თბოვიზორი თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ვიდეომოწყობილობაა, რომლის ინფრაწითელი სხივები ელექტრომოწყობილობაზე დაკვირვებისა და გადახურების წერტილების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა. გადახურების წერტილის აღმოჩენის შემთხვევაში, ხდება ფოტო-გადაღება, შემდეგ დგება ოქმი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება დაზიანებული კერის შეკეთება.

გარდა ამისა, განხორციელდა სატრანსფორმატორო ზეთის შემოწმების სამუშაოებიც. სატრანსფორმატორო ზეთის დაძველებამ შესაძლებელია, ძალიან ძვირადღირებული ელექტრომოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს. შესაბამისად, ზეთის ანალიზით წინასწარ არის შესაძლებელი მოწყობილობაში იმ ხარვეზის აღმოჩენა, რამაც შეიძლება მის მუშაობას პრობლემა შეუქმნას. დიაგნოსტიკური სამუშაოების განხორციელების შედეგად, ფაქტობრივად, მინიმუმამდე დავიდა ავარიული გამორთვების რიცხვი, რაც სისტემის უსაფრთხო და საიმედო ელექტრომომარაგებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს", -ნათქვამია ინფორმაციაში.