2015 წლის წარუმატებელი რეკლამები

გამოცემა Business Insider 2015 წლის ყველაზე წარუმატებელ რეკლამებს ასახელებს.

ჩამონათვალში პირველი ადგილი სადაზღვევო კომპანია Nationwide-ის რეკლამას ერგო. Superbowl-ის დროს გასულ რეკლამაში ბიჭუნა ყვება იმის შესახებ, რის გაკეთებასაც ვეღარ მოასწრებს ცხოვრებაში - ვერ მოიყვანს ცოლს, ვერ იმოგზაურებს მსოფლიოს გარეშემო, ვერ ისწავლის ველოსიპედით სიარულს, რადგან უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. რეკლამამ მაყურებელი დათრგუნა, სადაზღვევო კომპანია კი ბავშვთა სიკვდილიანობის პრობლემის თავის სასარგებლოდ გამოყენებაში დაადანაშაულეს. საბოლოოდ Nationwide-მა საჯაროდ მოიბოდიშა რეკლამის გამო.

რეიტინგში მეორე ადგილი ერგო სმარტფონების მწარმოებელი კომპანია „კაზამის“ რეკლამას, რომელიც დიდი ბრიტანეთის სარეკლამო სტანდარტების კომისიამ აკრძალა. აკრძალვის მიზეზი რეკლამაში გადაჭარბებული სექსუალური კადრები და ქალთა ობიექტივიზაცია გახდა. კომისიის განცხადებით, რეკლამის კონტენტს არაფერი ჰქონდა საერთო რეკლამირებულ პროდუქციასთან. ვიდეორგოლში სმარტფონის რეკლამას ქვედა საცვალში გამოწყობილი მოდელი აკეთებს.

2015 წლის წარუმატებელ რეკლამებს შორის მოხვდა „ამაზონის“ მიერ მომზადებული რეკლამა „ადამიანი მაღალ კოშკში“. რეკლამაში აღწერილია აშშ-ის იტორია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომლის შედეგად რეკლამის მიხედვით, ჰიტლერის კოალიციამ გაიმარჯვა. კრიტიკის შემდეგ „ამაზონმა“ მეტროში გაკრული ნაცისტური სიმბოლიკის მქონე პოსტერები ჩამოხსნა.

ახალ სარეკლამო კამპანიაში McDonald’s-მა პერსონაჟი Suburban Dad დააბრუნა, რომელიც რამდენიმე სარეკლამო რგოლში გამოჩნდა. პრესაში ამ ვიდეოს უცნაური უწოდეს, კრიტიკოსები კი წერდნენ, რომ ამ რეკლამით „მაკდონალდსმა“ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კომპანიაში არსებულ რთულ ვითარებას. შედეგად, „მაკდონალდსმა“ სარეკლამო რგოლი მოხსნა.