დავით უსუფაშვილმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდგომი პროცედურები განმარტა

კონსტიტუციის შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა დაასახელოს და პრეზიდენტს უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში წარუდგინოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. დავით უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლას გამოეხმაურა და შემდგომი პროცედურები განმარტა.

"მინდა პირველ რიგში მოგახსენოთ ის, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ახლა უკვე საპარლამენტო უმრავლეობის ჯერია. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და წარუდგინოს პრეზიდენტს უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. ჩვენ სავარაუდოდ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, კოალიციური უმრავლესობა, რომელიც ერთიანი და ურღვევია და ასეთად დარჩება ამ პროცესში, ალბათ, პარასკევს, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და გადაწყვეტილებას მივიღებთ. დღეს და ხვალ ჩვენ პარლამენტში ვიმყოფებით და საკანონმდებლო საქმიანობით ვართ დაკავებულები. პარასკევს, ალბათ, ამ საკითხებზე ჩამოვყალიბდებით", - განაცხადა გუშინ უსუფაშვილმა.