რა ცვლილებები იგეგმება მთავრობის ეკონომიკურ გუნდში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, მთავრობის გუნდში ცვლილებები იგეგმება.

„ბიზნესპრესნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სავარაუდოდ, ფინანსთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია გახდება. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე მოიაზრება.

ჩვენი ინფორმაციით, თანამდებობას შეინარჩუნებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

მთავრობის ახალ გუნდში ასევე მოიაზრება „საქართველოს რკინიგზის“გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა, რომელიც სავარაუდოდ, ბიზნესომბუდსმენის პოსტს დაიკავებს.

მთავრობის ახალ გუნდში არ მოიაზრება ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელიც სავარაუდოდ, გუნდს მიღმა აღმოჩნდება.

პოლიტიკურ კულუარებში ირაკლი ღარიბაშვილის ბედის გაზიარებას თბილისის მერს დავით ნარმანიასაც უწინასწარმეტყველებენ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. პრემიერის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი მოიაზრება.