1 წელიწადში თხილის ფასი განახევრდა

წინა წელთან შედარებით, თხილი 52%-ით გაიაფდა. ფასთან ერთად, მოთხოვნაც ერთბაშად შემცირდა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, დასავლეთ საქართველოში მდებარე თხილის ქარხნებმა პროდუქტის ჩაბარებაზე უარი თქვეს. როგორც ქარხნებში აცხადებენ, რეალიზაციის პრობლემა აქვთ და ჯერჯერობით ექსპორტსაც ვერ ახორციელებენ. ევროპაში ქართულ თხილზე მოთხოვნამ მნიშვნელოვნად იკლო. დაბალ ფასად თხილის რეალიზაციისგან თავს იკავებს მოსახლეობაც. მიუხედავად ამისა, ოფიციალური მონაცემებით, რომელსაც "საქსტატი" აქვეყნებს, შარშანდელთან შედარებით, თხილის ექსპორტი კვლავაც მოწინავე პოზიციაზეა. 2015 წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თხილის ექსპორტი 8 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო მთლიან ექსპორტში მისი წილი 8,1%-ია, რითაც პირველ ადგილზეა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს შორის.

შარშან ამ დროს თხილი 12,5 ლარი ღირდა, რამაც მწარმოებლებს დიდი სტიმული მისცა და მოსახლეობაც მისი მოშენებით მასობრივად დაინტერესდა. მაღალი ფასი დიდხანს არ შენარჩუნებულა. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი სეზონი საკმაოდ იმედიანად დაიწყო და ნედლი თხილის ყიდვა 4-5 ლარად იყო შესაძლებელი, მას შემდეგ ფასი უმნიშვნელოდ შეიცვალა. ყველაზე ძვირი თხილი ზაფხულში ღირდა, როცა ფასი 8 ლარამდე გაიზარდა. უკვე სექტემბერში კი, ახალი სასწავლო წლის დადგომასთან დაკავშირებით (რაც თხილის გაიაფების მიზეზად დასახელდა) თხილი ერთბაშად 2,50-3 ლარით გაიაფდა. სექტემბრიდან მოყოლებული, პროდუქტის ფასი თითქმის ყოველდღიურად იცვლებოდა. ნოემბრის ბოლოს თხილი მოულოდნელად 3 ლარით გაიაფდა და შემდეგ 1,50 ლარით გაძვირდა.

ბოლო ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში თხილი 6 ლარი ღირს, ხოლო გალში ხალხი 5 ლარზე ძვირად ვერ ყიდის. ამის მიზეზი ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯია. ადგილობრივების ინფორმაციით, საზღვრიდან 1 კგ პროდუქტის გატანაში მესაზღვრეები დამატებით 1 ლარს ითხოვენ, რის გამოც ადგილზე თხილი, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, იაფია. ზუგდიდში მდებარე თხილის ჩამბარებელ პუნქტებში აცხადებენ, რომ პოდუქტის ფასი სამომავლოდ შეიცვლება. არ არის გამორიცხული, თვის ბოლომდე თხილი კიდევ გაიაფდეს, ხოლო ახალი წლის შემდეგ მცირედით გაძვირდეს. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ფასი 7-8 ლარს არ გადააჭარბებს. ცოტა ხნის წინ კი ვარაუდობდნენ, რომ თხილის მაქსიმალური ფასი 9 ლარი იქნებოდა.

თხილის ჩამბარებელ პუნქტებში განმარტავენ, რომ ფასის ცვლილება გვალვამ და შედეგად უხარისხო მოსავალმა გამოიწვია. გარდა ამისა, ბიზნესმენებს, უხარისხო მოსავლის გამო, თხილის გატანა გაუჭირდათ. ამ ეტაპზე დაინტერესებამ თურქების მხრიდანაც იკლო. ინდმეწარმე ლადო გერგედავას ინფორმაციით, ნედლეულზე მოთხოვნა თითქმის აღარ არის და თხილის გული ვერ გააქვთ, რამაც ფასი ერთბაშად "დააგდო".

"თხილის რეალიზაციაც და ფასიც შემცირებულია. სიიაფის გამო მოსახლეობა თავს მაქსიმალურად იკავებს და მარაგის გადანახვას ცდილობს. ხალხს იმედი აქვს, რომ ფასი მოიმატებს. ქარხნები მინიმალური რაოდენობით იბარებენ. დღეში, საშუალოდ, თითო ქარხანა 4-5 ტონამდე თხილს ყიდულობს, როცა სხვა პერიოდში ეს მაჩვენებელი 40-50 ტონას აღწევდა. გადამყიდველებს ყოველდღიურად 1 ტონა თხილის შესყიდვაც უჭირთ. ინტერესი არის თურქების მხრიდანაც. ბოლო დროს ისინი მრავლად არიან ზუგდიდში, თითქმის ყველა ქარხნის უკან თურქები დგანან, ეს აქ არავისთვის არ არის უცხო. გვეგონა, მათი გამოჩენა პოდუქტს გააძვირებდა, მაგრამ პირიქით მოხდა, ფაქტობრივად, უმართავი სიტუაციაა", - ამბობს ლადო გერგედავა. ზუგდიდში, სოფელ ინგირში მდებარე ერთ-ერთ ჩამბარებელ პუნქტში გვითხრეს, რომ თხილის გაყიდვისგან თავს ყველა იკავებს.

"ბოლო დღეებში თხილის ფასი 6-7 ლარს შორის მერყეობს. ამ ეტაპზე 6 ლარია. წინასაახალწლოდ ფასი ყოველთვის იკლებს. ამიტომ ჯერჯერობით არ გაძვირდება. შესაძლოა, ახალი წლის შემდეგ ფასმა ცოტათი მოიმატოს, მაგრამ სხვაობა უმნიშვნელო იქნება. პრობლემაა ისიც, რომ თხილზე მოთხოვნა არ არის და პროდუქტს დიდი პარტიებით ვერ ვიბარებთ. ხალხი ფასით უკმაყოფილოა, ვისაც პროდუქტი გაუყიდავი აქვს, გაძვირებას უცდის, რისი მოლოდინიც ნაკლებადაა", - ამბობს რეზო ბუკია, თხილის ჩამბარებელი პუნქტის წარმომადგენელი. გადამყიდველები ამბობენ, რომ ქართული თხილით თურქები არიან დაინტერესებული და იაფად ნაყიდ პროდუქტს ევროპაში ძვირად ყიდიან.

"ამ პერიოდში თხილი თითქმის არსად გადის. ასე პერიოდულად ხდება ხოლმე. იმედი გვაქვს, სიტუაცია გამოსწორდება. მცირე პარტიებით თხილს მაინც ვყიდულობთ. არც მოსახლეობაა დაინტერესებული და თუ უკიდურესი აუცილებლობა არ არის, გასაყიდად ვერ იმეტებენ. იმედი აქვთ, რომ გაძვირდება, რასაც ნაკლებად ველოდები. მოსავალი უხარისხოა, ამიტომ მოგებაც მცირე გვრჩება, წესით, 100კგ თხილიდან 40 კგ უნდა მივიღოთ, თხილის გულს ვგულისხმობ, თუმცა, დაბალი ხარისხის გამო 35-33 კგ-ზე მეტი არ გამოდის. ეს მაშინ, როცა მოსავალი თურქეთში ძალიან დიდია და ხარისხითაც გამოირჩევა", - ამბობს გიზო ხორავა, მოვაჭრე.

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებს, ევროპაში 1 კგ ქართული თხილის ფასი 8-10 დოლარის ფარგლებშია. გაცილებით ძვირი - 12-15 დოლარი ღირს თურქული, იტალიური და სხვა წარმოშობის თხილი. ექსპორტიორების განცხადებით, ევროპაში ქართული თხილის ცნობადობა ჯერ კიდევ დაბალია, რაც ჩვენი პროდუქტის სიიაფეს განსაზღვრავს. მართალია, ქართული თხილის გასაღების ძირითადი ბაზარი ევროკავშირია (თხილის დიდი ნაწილი გადის იტალიასა და გერმანიაში), მაგრამ მისი ცნობადობა მსოფლიო ბაზარზე არც ისე მაღალია. გარდა ამისა, საჭიროა, რომ ქართული თხილი შეესაბამებოდეს ევროპის ბაზრის მკაცრად გაწერილ სტანდარტს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის მისაღწევად და დარგის პოტენციალის გასავითარებლად საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, რათა ამაღლდეს ქართული თხილის ცნობადობა და მოიძებნოს გასაღების სტაბილური ბაზრები.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე