დოლარის კურსი მსოფლიო ვალუტებთან მიმართებაში ეცემა

ანალიტიკოსები 2016 წლის პირველ კვარტალში დოლარის კურსის გამყარებას პროგნოზირებენ

კათოლიკური შობისა და ვაჭრობის დაბალი მოცულობის ფონზე, დოლარის კურსი მსოფლიო ვალუტებთან მიმართებაში ეცემა.

„ბლუმბერგის“ ცნობით, დღევანდელი დილის მონაცემებით, დოლარის ინდექსი ექვსი ძირითადი ვალუტის კალათის მიმართ 0,22%-ით - 98,19 პუნქტამდე შემცირდა.

დოლარის კურსი იაპონურ იენთან მიმართებაში 120,65 იენამდე დაეცა.

ამასთან, გაიზარდა ევროს კურსი და ერთი ევროს ღირებულებამ 1,0932 დოლარი შეადგინა. თუმცა, 2015 წლის მეოთხე კვარტალში დოლარის კურსი ევროსთან მიმართებაში ჯამში 2,2%-ით გაიზარდა.

მიუხედავად დღევანდელი ვაჭრობის შედეგებისა, ანალიტიკოსთა პროგნოზით, 2016 წლის პირველ კვარტალში G10-ის ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში, ბრიტანული ფუნტისა და კანადური დოლარის გარდა, დოლარის კურსის გამყარებაა მოსალოდნელი.