წინასაახალწლო აქცია-ბაზრობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება

ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა და ბიომეურნეობათა ასოციაცია "ელკანა" ხვალ, "ინტერპრესნიუსის" პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგის თემა იქნება 26 და 27 დეკემბერს მცირე მეურნეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქციის წინასაახალწლო აქცია-ბაზრობა - "მეტი ადგილობრივი პროდუქცია - მეტი მხარდაჭერა მცირე მეურნეებს". სპიკერები ისაუბრებენ აქციის მიზნებსა და პერსპექტივებზე, ასევე მედიას გააცნობენ სასურსათო უსაფრთხოების კვლევის პირველად მონაცემებს. 2013 წლიდან, ევროკავშირის დაფინანსებით ოქსფამი და ასოციაცია "ელკანა" ახორციელებენ ოთხწლიან პროექტს - "ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში".

პროექტის მიზანია გენდერულად სენსიტიური სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის სტრატეგიის შემუშავება სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. სასურსათო უსაფრთხოება სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ჩარჩოს მნიშვნელოვანი ნაწილია და წარმოადგენს თანმიმდევრულ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის მთავარი მიზანია მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საღ და მრავალფეროვან საკვებზე.