OXFAM - საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა სურსათის დაბალი წარმოებაა, რაც მაღალ ფასს განაპირობებს

OXFAM-ის საქართველოს წარმომადგენლობა საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, საქართველოში მთავარი დამსაქმებელი სოფლის მეურნეობაა, სადაც ქვეყნის სამუშაო ძალის 53%-ია დასაქმებული, აქედან 54% ქალია. როგორც ორგანიზაციის კვლევაშია ნათქვამი, საქართველოში მოხმარებული სურსათის 70%-ზე მეტი იმპორტულია, ხოლო შემოსავლის 54% მოსახლეობას სურსათის შეძენაზე ეხარჯება. მკვლევარების განმარტებით, შინამეურნეთა 18% საქართველოში ყოველთვიურად სესხულობს ფულს სურსათის შესაძენად.

OXFAM-ის საქართველოს წარმომადგენლობაში bpn-ს განუცხადეს, რომ საქართველო ადგილობრივი წარმოებით ხორბალზე მოთხოვნის მხოლოდ 12%-ს აკმაყოფილებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო ადგილობრივი ხორბლის წარმოებით მხოლოდ 1 თვის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

„საქართველოში სოფლის მეურნეობაში დასაქმებული სამუშაო ძალის გამოყენება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგია უნდა იყოს. სოფლის მეურნეობაში თითქმის თანაბრად არიან დასაქმებული კაცები და ქალები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დარგის განვითარების შემთხვევაში თანაბრად გაუმჯობესდება ორივე სქესის ეკონომიკური მდგომარეობა“,- განაცხადა OXFAM-ის საქართველოს წარმომადგენელმა ნინო ედილაშვილმა.