"ე.წ. დაზარალებულ იპოთეკარებს ტყუილად ჰგონიათ, რომ სახლებს ვერ გაუყიდიან"

საბანკო სექტორი პარლამენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგია

იპოთეკით დატვირთული ქონების გაყიდვა ყველა მსესხებლისთვის მტკივნეული საკითხია, ხოლო ბანკებისთვის ეს პრობლემური სესხების დაფარვის ყველაზე სწრაფი, ქმედითი გზაა. საქართველოში ათასობით ადამიანს აქვს აღებული იპოთეკური სესხი, ამიტომ ბევრი გაახარა ჯერ პარლამენტის, და მერე - უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებამ, რომელიც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზებას ზღუდავს. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მსესხებლის ქონების იძულებით გაყიდვა უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება. ბანკმა უნდა გაითვალისწინოს მოვალის მდგომარეობა და ხელი შეუწყოს, რომ მან სრულყოფილად შეძლოს თავისი ვალდებულებების შესრულება. ამ გადაწყვეტილების მიღებას პარლამენტში სერიოზული დებატები მოჰყვა. ამჟამად კი, პროექტი პრეზიდენტთან არის გადაგზავნილი და ჯერ კიდევ ძნელია თქმა, რა ბედი ელის.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მკვეთრად უარყოფითად აფასებენ საბანკო სექტორის წარმომადგენლები, უფრო მეტიც, მას არცერთი ბანკი არ იწონებს.

"დამერწმუნეთ, ეს ორივე მხარისთვის ცუდი გზაა, თანაც, საკუთრება - მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიკვიდური აქტივი - სრულყოფილად ვერ მიიღებს მონაწილეობას ეკონომიკურ ურთიერთობებში", - თქვა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას საქართველოს ბანკების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ გვასალიამ.

- ბატონო ზურაბ, როგორ შეაფასებდით გადაწყვეტილებას, რომელიც ერთი შეხედვით ძალზე ჰუმანური ჩანს?

- ჩემს აზრს დაწვრილებით მოგახსენებთ - ამ ცვლილებით ბანკის და იპოთეკარის მდგომარეობა ერთდროულად უარესდება. აგიხსნით, რატომაც: გამოსახლება მაშინვე ხომ არ ხდება? - იპოთეკარს ჯერ აფრთხილებენ, ვადას აძლევენ, რომ ბინიდან გამოვიდეს და შემდეგ პოლიცია ასახლებს. გთავაზობთ შსს-ის მიერ მოწოდებულ სტატისტიკას, რომელიც ასე გამოიყურება: საქართველოს მასშტაბით ყველა გამოსახლებას თუ განვიხილავთ, მათგან მხოლოდ 5 პროცენტია გასაჩივრებული. ეს ის შემთხვევებია, როდესაც გამოსახლებული პირი (ან ოჯახი) მიიჩნევდა, რომ მისი უფლებები დაირღვა, მაგრამ არცერთი საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული - სასამართლომაც დაამოწმა, რომ ყველა გამოსახლება კანონიერი იყო. თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა, გამოსახლების პროცესი დროში იქნება გაწელილი, მაგრამ საბოლოოდ სასამართლო ისევ იმ გადაწყვეტილებას გამოიტანს, მსესხებელს ბინიდან მაინც გამოასახლებენ და სასამართლოს ხარჯი, სახელმწიფო ბაჟი, ადვოკატის მომსახურება და საკუთრების უფლების შეზღუდვით მიღებული ზარალი ვინ უნდა აანაზღაუროს? - იმან, ვინც უნდა გამოასახლონ. როცა სასამართლო გადაწყვეტს, ის უკვე ვერაფერს შეცვლის.

- მაგრამ, ხომ არსებობს სხვა, უკეთესი ალტერნატივა?

- სხვა ალტერნატივა როგორ უნდა არსებობდეს, როდესაც ქონება აუქციონზეა გატანილი და უკვე ბანკის საკუთრებაა? ბანკს არავის ინტერესი არა აქვს, მას აინტერესებს მხოლოდ ის, რომ თავისი თანხა დაიბრუნოს ყველა იმ ხარჯით, რომელიც ამ იპოთეკური სესხის მომსახურებას დასჭირდა. სხვა ალტერნატივა როგორ უნდა არსებობდეს, როდესაც კლიენტს 20 ათასი აქვს დასაფარი, ის კი, მოდის და 10 ათასს გვთავაზობს? დიდი ხნის მანძილზე ვიხდიდი პროცენტს და ძირი თანხა მაინც დამაფარინეო, გვთავაზობენ და ეს არის ალტერნატივა?!

- ვადის გახანგრძლივებაც ხომ შეიძლება?

- ვადის გახანგრძლივება ისევ იპოთეკარის საწინააღმდეგოდ მუშაობს, რადგან ის უფრო მეტ ხარჯში ვარდება და მეტი ვალი ედება. ადამიანი, რომელიც 3 წლის განმავლობაში ვერ მოემსახურა თავის სესხს, 6-7 წლის შემდეგ დაფარავს? - არა, მას კიდევ უფრო მეტი ხარჯი დააწვება. თანაც, როდესაც ვალდებულება აღებული გაქვს და ხელი გაქვს მოწერილი, რას ჰქვია ვერ ასრულებ? ესე იგი, მე უნდა დამჩაგრონ? გაცემული თანხა ხომ ჩემი საკუთრებაა და საკუთრების უფლება ხომ უნდა აღვიდგინო? ახლა მივადგეთ სასამართლოს - ჩანაწერი, რომელიც გააკეთა პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა, არის ასეთი: პირველი ინსტანციის სასამართლომ ერთ თვეში, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ორ თვეში უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება, შემდეგ ეს უნდა გადაიგზავნოს აღსრულების ბიუროში და დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. დღეს მოსამართლეებს 300-დან 400 საქმემდე აქვთ განსახილველი, ზოგიერთს 700, 800 საქმეც კი აქვს. როგორ უნდა შეძლოს მან ერთი თვის ვადაში, ხოლო მერე სააპელაციო სასამართლომ - ორ თვეში გადაწყვეტილების გამოტანა, როცა ეს ვადა მეორე მხარის მიერ საბუთების შეგროვებასაც არ ეყოფა? ესე იგი, გაურკვეველი ვადით გადაიდება და ბანკს არ ეცოდინება, როდის ისარგებლებს თავისი საკუთრების განკარგვის უფლებით. წარმოიდგინეთ, ეს კანონი ძალაში თუ შევა, რა ამბები იქნება სასამართლოებში.

- საბანკო სექტორზე როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი?

- ყველაზე ნაკლები პრობლემა საბანკო სექტორს შეექმნება და გეტყვით რატომ: არ არსებობს ბანკი, სადაც იურისტების დიდი შტატი არ იყოს და სადაც რისკებს არ ითვლიან. სესხებზე ხელმისაწვდომობა იქნება ნაკლები, გაძვირდება პროცენტები იმის გამო, რომ რისკები მომატებული იქნება, როდესაც იპოთეკური სესხისთვის მიხვალთ, თუ ახლა 30 პროცენტს თქვენ იხდით და 70%-ს ბანკი გაძლევთ, მერე პირიქით მოგთხოვენ - თანხის 70% თქვენ უნდა დაფაროთ და ბანკი მხოლოდ 30%-ს გადაიხდის. იპოთეკური სესხის გაცემის პირობები გამკაცრდება, რადგანაც სესხის გაცემის დროს ბანკი ყოველთვის ითვალისწინებს რისკებს, რომელიც ამ სესხის გაცემას და მომსახურებას ახლავს. საპროცენტო განაკვეთებში ეს რისკები ყოველთვის არის ასახული. ახლა ეს რისკები უფრო გამწვავდება იმიტომ, რომ ბანკს არ ეცოდინება, რამდენ ხანში შეძლებს თანხის დაბრუნებას. საბანკო სექტორი ხშირად აკეთებს სესხის რესტრუქტურიზაციას, გადავადებას, მიდის მოლაპარაკებებზე, უკეთებს კლიენტებს შეღავათებს - ეს ყველაფერი შეიზღუდება, ან მოისპობა. შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხებით ბიზნესიც სარგებლობს - იქაც პრობლემები შეიქმნება ანუ ყველგან, სადაც უძრავ ქონებაზეა ლაპარაკი, როგორც უზრუნველყოფაზე, სერიოზული პრობლემები შეიქმნება.

- როგორ ფიქრობთ, ბრალდება, რომ ბანკები უსამართლოდ ასახლებენ ხალხს, უსაფუძვლოა?

- უფრო მეტიც, ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა. თქვენ რომ ნახოთ პროცენტული მაჩვენებლები, თუ რამდენი ოჯახი ჰყავთ ბანკებს გამოსახლებული, ეს უმნიშვნელო ციფრია. უფრო მეტსაც გეტყვით - მე არ მესმის, რას ნიშნავს ტერმინი ”იპოთეკით დაზარალებული”. როგორ არიან დაზარალებულები, როცა ფული წაიღეს და ბანკს არ უბრუნებენ? - დაზარალებული პირიქით, აქეთა მხარეა. დავუშვათ, 100-ათასიანი სახლი აქვს ჩადებული და 20 ათასი აქვს გადასახდელი, იპოთეკარმა რომ მოინდომოს, გაყიდის ამ სახლს, ბინასაც იყიდის და სესხსაც გაისტუმრებს, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ახლა კი რა მოხდება? - თუ პარლამენტის მიერ მიღებული პროექტი ძალაში შევა, იპოთეკარებს უფრო მეტი ფული დაეხარჯებათ სასამართლო ხარჯებში და ადვოკატის მომსახურებაში. ყველა ის ხარჯი, რომელიც სასამართლო პროცესს მოჰყვება, მათი გასასტუმრებელი იქნება, ბოლოს კი, პროცესი აუცილებლად დამთავრდება მათი წაგებით. ამ ხალხს იმედი აქვს, რომ ვიღაც ციდან ჩამოუგდებს ფულს, ამიტომ თავის ქონებას არ ყიდის. ათასგვარ მიზეზს ასახელებენ: ბაბუაჩემის აშენებულია და არ მინდა დავკარგო, ბებიაჩემმა დამიტოვა მემკვიდრეობით, ამ სახლში გავიზარდე და გაყიდვა არ მინდაო... ხომ უნდა დავფიქრდეთ - იქნებ, თავისი ქონების დაკარგვა არც ბანკს სურს?

- ბატონო ზურაბ, თუ ჰყავს მომხრეები ამ პროექტს და იქცევა თუ არა ის კანონად?

- უმეტესობა მისი წინააღმდეგია: ეკონომიკის სამინისტროც უარყოფით დასკვნას აძლევს, ასევე - იუსტიციის სამინისტრო, აღსრულების ბიურო, ბიზნესომბუდსმენი, ბიზნესასოციაცია - ყველა წინააღმდეგია. არცერთ ბანკს არა აქვს დადებითი აზრი ამ კანონპროექტზე. ერთადერთი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტია, რომლის წევრებმაც შეძლეს სხვა დეპუტატებიც დაერწმუნებინათ. არ ფიქრობენ, რომ ეს პირველ რიგში ბაზარს დაარტყამს და საინვესტიციო გარემოს საერთოდ გააუარესებს. პარლამენტმა ეს პროექტი სამი მოსმენით გაიტანა, საბოლოოდ კანონად მაშინ იქცევა, როდესაც პრეზიდენტს გადაუგზავნიან და ის მოაწერს ხელს. ამიტომაც მივმართეთ ჩვენ პრეზიდენტს ვეტოსთვის. თუმცა ვეტოსაც არ ველოდებით და მაინც უნდა ვიჩივლოთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან ვეტოს შემთხვევაშიც არის საშიშროება, პარლამენტმა გაიმარჯვოს და ეს ვეტო დაძლიოს. ბოლოს, პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწეროს ხელი და ეს კანონპროექტი საბოლოოდ კანონი გახდეს. ე.წ. დაზარალებულ იპოთეკარებს კი, ტყუილად უხარიათ, რომ სახლებს ვერ გაუყიდიან.

- ძალიან ბევრი ადამიანი აკრიტიკებს საპოლიციო გამოსახლების პრაქტიკას. რამდენად ცივილური მოვლენაა ეს?

- ხშირად ამბობენ, რომ საპოლიციო გამოსახლება არ შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებში ბანკის ვალს თუ არ იხდი, პოლიცია კი არ მოვა და გთხოვს შენი ნივთები გაიტანეო, ამ ნივთებს ფანჯრიდან გადაგიყრის და ისე გამოგასახლებს. ამ შემთხვევაში, უფრო პოპულიზმთან გვაქვს საქმე, ვიდრე გონივრულ და საქმიან გადაწყვეტილებასთან, ამიტომ, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პრობლემა გააზრებულად და გონივრულად გადაწყდება.

ხათუნა ჩიგოგიძე