ნიკოლოზ ვაშაკიძე - რუსეთს ნათლად უნდა გავაგებინოთ, რომ ის საქართველოსთან პრობლემას იაფფასიანი ფოჩიანი კანფეტებით ვერ მოაგვარებს

2015 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებსა და 2016 წლის პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.

- ბატონო ნიკოლოზ, როგორ შეაფასებდით ქვეყნისა და ხელისუფლებისთვის 2014 წელს და საერთოდ, 2014-2015 წლებში განვითარებულ პროცესებს? შარშან დეკემბერში ამ კითხვაზე პასუხისას თქვენ ბრძანებდით - "შეიძლება ითქვას, რომ 2013-2014 წლები წარუმატებელი იყო ..."

- რთული იყო ძალიან განვლილი წელი. სამწუხაროდ, მას კარგ შეფასებას ვერ მივცემ. ამ წლის განმავლობაში დამკვიდრდა ეროვნული ვალუტის საგრძნობი გაუფასურება, რამაც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჩვენი მოსახლეობა კიდევ უფრო გააღარიბა. ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი საქსტატის ოფიციალური მონაცებითაც კი უკიდურესად დაბალია - დაახლოვებით 2.5 %, რაც ძალზედ არასახარბიელოა ჩვენი ქვეყნისთვის. განსაკუთრებით მაშფოთებს კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესება. ბანკების თავხედური ძარცვა ლამის ყოველდღიურ მოვლენად იქცა. ეს ყველაფერი კი ხდება ხელისუფლების წარმომადგენელთა უცნაური საზეიმო განცხადებებების და შეფასებების ფონზე თითქოს და უპრეცედენტო წარმატებების შესახებ. განსხვავება რეალობასა და ოფიციალურ პროპაგანდას შორის იმდენად დიდია, რომ ეს მოსახლეობაში დამატებით დიდ გაღიზიანებას იწვევს.

- რას მიიჩნევდით საშინაო პოლიტიკაში 2015 წლის ყველაზე პოზიტიურ და ნეგატიურ მოვლენად? შარშან ამავე კითხვაზე პასუხისას ყველაზე პოზიტიურ მოვლენად შეაფასეთ 27 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ხოლო ყველაზე ნეგატიურად - უმაღლესი ეშელონის მიერ დაშვებული საკადრო ცვლილებები და ხელისუფლების განშტოებებს შორის კინკლაობა.

- 2015 წლის ყველაზე პოზიტიურ მოვლენად მიმაჩნია ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის უვიზო გადაადგილების რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილების ინიცირება. ის საბოლოო, მოქმედი გადაწყვეტილების ფორმას სადღაც მომავალი წლის ზაფხულისთვის მიიღებს. ეს ეპოქალური მოვლენაა საქართველოს ისტორიაში, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის და მისი ცივილიზებულ სამყაროში შემდგომი ინტეგრაციის გზაზე.

ყველაზე ნეგატიურ მოვლენად მივიჩნევდი იმ პროცესებს, რომლებიც განვითარდა ტელეკომპანია რუსთავი- 2- ის გარშემო. ჩვენი საზოგადოება, ჩვენი სახელმწიფო ძალიან სახიფათო ზონაში შევიდა ამ თვალსაზრისით, პოლიტიკურად და სამართლებრივად. გულახდილად გეტყვით, რა თქმა უნდა, დიდი წარმოდგენა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის დონეზე საქართველოში არ მქონდა, მაგრამ ის რაც სასამართლომ აკეთა ამ შემთხვევაში, არ მეგონა, რომ შესაძლებელი იყო. პრაქტიკულად, ჩვენ გავედით ცივილიზებული არსებობის ზონიდან პოლიტიკურ-სამართლებრივ ჯუნგლებში. მადლობა ღმერთს, რომ საბოლოო ჯამში სასამართლოს მიერ მიღებული აბსურდული გადაწყვეტილებები დაძლეულ და შეცვლილ იქნა, მაგრამ ის, რომ რაც მოხდა, საერთოდ შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში, არ შეიძლება სერიოზულ შეშფოთებას არ იწვევდეს.

- როგორ შეფასებდით კოალიცია "ქართულ ოცნებაში", "ნაცმოძრაობასა" და საერთოდ, პოლიტიკურ ცხოვრებაში 2015 წელს განვითარებულ პროცესებს? კარგი იქნება, თუ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას გაითვალისწინებთ ლევან ბერძენიშვილის განცხადებას - "კოალიციაში არიან ადამიანები, რომელთაც სურთ "ქართული ოცნების" შემადგენლობაში "პატრიოტთა ალიანსის ხილვა", ასევე "ნაცმოძრაობაში" დაწყებულ რყევებს, პოლიტიკურ სცენაზე პაატა ბურჭულაძის გამოჩენასა და წინასაარჩევნოდ სხვა პოლიტიკური პარტიების აქტიურობას...

- ეს ორივე პოლიტიკური ძალა 2015 წელს სერიოზულ კრიზისში შევიდა. "ქართული ოცნების" წიაღში მოხდა სერიოზული შიდა დაპირისპირება და იქ გარკვეულმა ძალებმა სცადეს "რესპუბლიკური პარტიის" ჩანაცვლება "პატრიოტთა ალიანსით." ამ ბრძოლამ თავის კულმინაციას შუალედური არჩევნების დროს მიაღწია, რაც საბოლოო ჯამში, "რესპუბლიკელების" გამარჯვებით დასრულდა. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის გადადგომაც, სხვა მიზეზებთან ერთად, ამ ბრძოლის შედეგითაცაა განპირობებული. თუმცა, ცხადია, "ოცნებაში" დუღილი გაგრძელდება და კიდევ მძაფრი ბრძოლებია წინ საარჩევნო სიის და მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატთა დამტკიცებისას. ბუნებრივია, საბოლოოდ, შიდა განლაგებას ამ ძალაში ბიძინა ივანიშვილი დაალაგებს, მაგრამ იოლი და უღრუბლო ეს პროცესი არ იქნება.

"ნაცმოძრაობაში" მომხდარი მძაფრი დაპირისპირება ე.წ. სააკაშვილის და ბოკერიას ფრთებს შორის ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა, რაც პარტიის აღმასრულებელი მდივნის არჩევნების შედეგით გაფორმდა. ამ ბრძოლის შედეგად დღეს "ნაცმოძრაობა" საკმაოდ გამოფიტულ და დეზორიენტირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ამდენად, ეს პარტია 2016 წლის არჩევნებს არცთუ ისე კარგ ფორმაში უახლოვდება. არა მგონია, რომ პაატა ბურჭულაძემ მოახერხოს ძლიერი, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა. მის გარშემო მეტნაკლებად სერიოზული ფინანსური და პოლიტიკური რესურსი არ იგრძნობა. რაც შეეხება დანარჩენ ძალებს, თუ არ ჩავთვლით "პატრიოტთა ალიანსის" სერიოზულ ჩავარდნას, დანარჩენები მეტნაკლებად ძველ პოზიციებს და რეიტინგს ინარჩუნებენ.

ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არსებული განლაგების პირობებში, მიუხედავად წარუმატებელი მმართველობისა და მოსახლეობის უკმაყოფილებისა, ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების შენარჩუნების არცთუ ისე ცუდი შანსები აქვს. ამ შანსების განმტკიცებას ის, ასევე, იმ მახინჯი და ქვეყნისათვის საზიანო ცვლილებებით ცდილობს, რომლებიც საარჩევნო კოდექსში არის გათვალისწინებული "ქართული ოცნების" პროექტის მიხედვით.

თუმცა, ივანიშვილის და "ოცნების" ეს უპირატესობა იმდენად მყიფეა და ქვეყანაში განწყობები იმგვარია, რომ ძლიერი ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის პირობებში არსებული რეჟიმის წაქცევა არჩევნებზე პრაქტიკულად დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ეს ძალა ჯერჯერობით არ გამოჩნდა და მის გამოსაჩენად კი დრო თითქმის აღარ დარჩა.

იხილეთ გაგრძელება "ინტერპრესნიუსზე"

კობა ბენდელიანი