ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით გაიზარდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. 2015 წელთან შედარებით მომავალი წლის ბიუჯეტი 2 მილიონით გაიზარდა და 12 000 000 ლარი შეადგინა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებულ თითქმის ყველა პროგრამას დაფინანსება გაეზარდა. კერძოდ, 2015 წელთან შედარებით, 815 000 ლარით მოიმატა 2016 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებამ, რაც აღნიშნულ სფეროში 64% ზრდას გულისხმობს. 232 400 ლარით გაიზარდა ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და მათი რეაბილიტაციის დაფინანსებამ. 729 850 ლარით მოიმატა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და სპორტული დაწესებულებებისათვის გამოყოფილმა თანხამ.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის დასაწყისში ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, სამუსიკო და სასპორტო სკოლებში უფასო გახდა სწავლება. ადგილობრივი ხელისუფლება 2016 წელსაც სრულად უზრუნველყოფს მოსწავლეების გადასახადის დაფინანსებას. მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-ექსპლუატაცია 2016 წლის ბიუჯეტში 3 033 400 ლარით განისაზღვრა. 2015 წელთან შედარებით აღნიშნული სფეროს დაფინანსება 56% გაიზარდა. ასევე, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის მომავალი წლის ბიუჯეტში 1 163 870 ლარია გათვალისწინებული, რამაც წინა წელთან შედარებით 67 280 ლარით მოიმატა.

2015 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისათვის თანხა 1 096 590 შეადგენდა. დაზუსტებულ ბიუჯეტში აღნიშნულ მაჩვენებელს 672 110 ლარი დაემატა და 1 768 700 ლარი გახდა.

"2016 წელსაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ მოხდება სოციალური პროგრამებისათვის საჭიროებიდან გამომდინარე თანხის დამატება. უნდა აღინიშნოს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რასაც 2015 წლის განმავლობაში ამ პროგრამების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც ადასტურებს. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის, მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და მასთან დაკავშირებული სამუშაოები მომავალ წელსაც ინტენსიურად გაგრძელდება", - აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში.