ეკონომიკური პროგნოზი 2016 წლისთვის

2015 წლის ბოლოსთვის მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2,8%-იან ზრდას უნდა ველოდოთ, 2016 წლისთვის კი მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 3%-ს შეადგენს.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა  დიმიტრი ქუმსიშვილმა PALITRANEWS-ის გადაცემა "ბიზნესპერსონაში" განაცხადა.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, თავდაპირველად სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 5%-იან ზრდაზე, ხოლო შემდგომ რეგიონში და ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების შედეგად, პროგნოზი 2%-მდე შევამცირეთ”, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

"ასევე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს, როგორც რეფორმატორ ქვეყანას, 2016-2017 წლებში მთელი რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება - 2016 წელს 3%, ხოლო 2017 წელს 5%, რაც ყველაზე მაღალია რეგიონის ქვეყნებში", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.

მისივე თქმით, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით 2014-2015 წლებშიც რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია ეკავა.

"მიუხედავად საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში და ზოგადად, რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებისა, უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს ჩვენი ეკონომიკა 4,6%-ით გაიზარდა და ერთ-ერთი მოწინავე იყო რეგიონში", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.