როგორ აისახება აზერბაიჯანის სავალუტო კრიზისი საქართველოზე?

მანათის დევალვაციამ და ბაქოს მიერ სხვადასხვა პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვის დაწესებამ, გამორიცხული არ არის, რომ ქართულ ექსპორტს დამატებითი ბარიერი შეუქმნას. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ავტომანქანების ექსპორტთან დაკავშირებით პრობლემა უკვე არსებობს და ის წლის განმავლობაში თითქმის 5-ჯერ შემცირდა. აზერბაიჯანის მთავრობა მანათის მცურავ კურსზე 21 დეკემბრიდან გადავიდა. შედეგად, ეროვნული ვალუტა იმავე დღეს დოლართან მიმართებაში 47%-ით გაუფასურდა.

ვალუტის გაუფასურების გამო, ზოგიერთმა აზერბაიჯანულმა სავაჭრო ქსელმა იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია შეწყვიტა. ბანკების ნაწილმა ფულადი გადარიცხვა შეაჩერა, დაიხურა ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები. როგორც აზერბაიჯანული გამოცემა "მინვალ.აზ"-ი წერს, ერთ ღამეში ქვეყანაში პროდუქტზე და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასი 20-50%-ით გაიზარდა, შეწყდა ტექნიკის გაყიდვაც. ზოგიერთმა მცირე ზომის მაღაზიამ კი ჩაის, შაქრისა და ბრინჯის რეალიზაცია შეაჩერა. სავაჭრო ობიექტების მფლობელებმა კი ვაჭრობა მას შემდეგ განაახლეს, რაც კურსის ვარდნის შედეგად ახალი ფასი დაადგინეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეებში 50%-ით გაძვირდა იმპორტირებული ხილ-ბოსტნეული, რასაც ავტომატურად ადგილობრივი ნაწარმის გაძვირება მოჰყვა.

მანათის დევალვაციას ქვეყნის ცენტრალური ბანკი იმპორტის შეზღუდვას, ექსპორტის წახალისებას და ანაბრების დაზღვევას უპირისპირებს. როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელმან რუსტამოვი აცხადებს, მართალია, მანათის მცურავ კურსზე გადასვლის შემდეგ, აზერბაიჯანის საბანკო სექტორში სიტუაცია სტაბილურია, თუმცა ეს არ არის საკმარისი და საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. საბანკო სექტორის კიდევ უფრო მეტი მდგრადობის უზრუნველსაყოფად ცენტრალური ბანკი ამზადებს ზომებს ორი მიმართულებით - მარეგულირებელი ბაზის შერბილების (რაც ბანკებს დამატებით კაპიტალიზაციაში შეუწყობს ხელს) და დამატებითი რეზერვების შექმნის მიმართულებით აქტივების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

"ამ მომენტისთვის ანაბრების დაახლოებით 80% უცხოურ ვალუტაშია. ეს ნიშნავს, რომ დეპოზიტები კარგადაა დაზღვეული ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებისგან. ჩვენ ვამთავრებთ მუშაობას დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გაუმჯობესებაზე..." - განაცხადა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა.

მანათის დევალვაციის შედეგად, ოპტიმისტური სცენარის პირობებში, მოსალოდნელია იმპორტის შემცირება: "ჩვენ უნდა გავამკაცროთ საბაჟო პოლიტიკა ლუქს საქონლის, საიუველირო ნაწარმისა და ა. შ. შემოტანის დროს. უნდა დავიცვათ ჩვენი ბაზარი და შევზღუდოთ იმპორტი ეკონომიკური გზით. რა თქმა უნდა, თუ ვინმეს სურს ასეთი საქონლის შემოტანა და გაყიდვა, მას უბრალოდ, საბაჟო გადასახადის გადახდა მოუწევს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში შევა", - განაცხადა მან. ექსპორტის წახალისების მიზნით, აზერბაიჯანის მთავრობა აპირებს დამატებითი ზომების გატარებას და ექსპორტიორებისთვის იაფი კრედიტებისა და სხვა შეღავათების დაწესებას, რუსტამოვის თქმით, მთავრობა ამ მიმართულებით უკვე მუშაობს კომპლექსურ ზომებზე.

იმ შემთხვევაში თუ აზერბაიჯანმა ექსპორტზე შეზღუდვა დააწესა, ამით, შესაძლოა, ქართულ პროდუქციის რეალიზებას პრობლემები იქაც შეექმნას. აზერბაიჯანი კი საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორია. "საქსტატის" ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 231 მილიონ 278 ათასი დოლარი შეადგინა. საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში ექსპორტირებული ყველაზე დიდი სასაქონლო ჯგუფებია: მსუბუქი ავტომობილები, სამკურნალო საშუალებები, უალკოჰოლო სასმელები, ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და რკინიგზის ლოკომოტივები.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-ნოემბერში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებულია 61,2 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილები, 25,7 მლნ დოლარის სამკურნალო საშუალებები, 16,7 მლნ დოლარის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 14,6 მლნ დოლარის რკინიგზის ლოკომოტივები, 8,2 მლნ დოლარის მინერალური და უალკოჰოლო გაზიანი სასმელები და ა.შ. როგორ აისახება აზერბაიჯანული მანათის მკვეთრი გაუფასურება ქართულ ბიზნესზე მაშინ, როდესაც საიმპორტო შეზღუდვებს ქვეყნის რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორი აწესებს?

კომპანია "კასტელი-საქართველოს" მეზობელ ქვეყანაში ლიმონათი "ზანდუკელი" გააქვს. კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან ზაუტაშვილი "კომერსანტთან" აცხადებს, რომ ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ჯერ არ უსაუბრიათ, თუმცა ალბათობა იმისა, რომ პროდუქციის ფასი გაიზრდება, საკმაოდ დიდია. ფასების დაკორექტირების შემდეგ ლევან ზაუტაშვილი მოხმარების შემცირებას, შესაბამისად, ექსპორტთან კლებასაც ვარაუდობს.

"ლიმონათი არ ითვლება პირველადი მოხმარების პროდუქტად და პირველ რიგში, კურსის ცვლილება სწორედ ასეთი სახის პროდუქციაზე მოახდენს გავლენას", - აცხადებს ბიზნესმენი.

საქორწილო და სადღესასწაულო კაბების მაღაზიაში "მარიონელა", რომელიც უახლოეს მომავალში ბაქოში გასვლას აპირებს, აცხადებენ, რომ საიმპორტო გადასახადის ცვლილება მათ არ შეეხებათ, რადგანაც მათი პროდუქცია ლუქს კლასის საქონელს არ მიეკუთვნება. რაც შეეხება აზერბაიჯანული ვალუტის გაუფასურებას, "მარიონელას" დირექტორი მარინა უგულავა "კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ფასი მოიმატებს.

მიუხედავად ცვლილებისა, მარინა უგულავა ფიქრობს, რომ მათი პროდუქცია აზერბაიჯანის ბაზარზე არსებულ პროდუქციას კონკურენციას მაინც გაუწევს, რადგანაც ბაქოში საკმაოდ მაღალფასიანი ევროპული ბრენდული საქონელი იყიდება. "მარიონელა" კი შედარებით დაბალ ფასს და მაღალ ხარისხს სთავაზობს აზერბაიჯანელ მომხმარებელს.

სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ადგილობრივი ვალუტის გაუფასურება ქართულ ექსპორტზე რომ ნეგატიურ გავლენას ახდენს, ეს დევალვირებულმა რუბლმაც გვაჩვენა. მას შემდეგ, რაც რუსული ფული მნიშვნელოვნად დაეცა, ჩრდილოეთში იმპორტირებული ქართული პროდუქცია გაძვირდა და შედეგად, მისი რეალიზაცია, შემდგომ კი საქართველოდან ექსპორტი შემცირდა. გარდა ამისა, გაუფასურებული რუბლის გამო, დაიკლო რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის მაგალითის და მოდელის ერთი-ერთზე გადმოტანა არ შეიძლება, თუმცა ყურადღების გამახვილება ამ მხრივ აუცილებელია.

"არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 15 ათასამდე საქართველოს მოქალაქე საქმიანობს ბაქოში და მათი ბიზნესსაქმიანობა უმეტესად ენერგეტიკულ პროექტებს უკავშირდება. აზერბაიჯანული მანათის გაიაფება აზერბაიჯანულ ექსპორტს ხელს შეუწყობს და ეს, გარკვეულწილად, ჩვენთვის მისაღებიც არის, რადგან ენერგომატარებლების საერთო გაიაფების ფონზე, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, უფრო ხელსაყრელ ფასში შევიძინოთ ნავთობი. რაც შეეხება ფულად ტრანზაქციას, ეს იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ საქართველოზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს," - განაცხადა არჩვაძემ.

მისივე თქმით, ავტომობილების ექსპორტი უკვე შემცირებული იყო და აზერბაიჯანელი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება აქ გავლენას ვერ მოახდენს: "ამიტომ პირდაპირ იმის თქმა, რომ მანათის დევალვაციის გამო, ჩვენი ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდება აზერბაიჯანში, გადაჭარბებულია. მაგრამ აქ საგულისხმოა კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც მხოლოდ აზერბაიჯანს კი არა, ჩვენს ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორებს ეხებათ. ბოლო პერიოდში ლარი ინარჩუნებს სტაბილურობას, რაც მისასალმებელია, მაგრამ იმ დროს, როდესაც სხვა ქვეყნები თავიანთი ვალუტების დევალვაციას ახდენენ, ქართული ვალუტა თანდათან მძიმდება. აქ ისმის კითხვა - თუ სხვა ვალუტების დევალვაცია გაგრძელდა, ხომ არ გამოიწვევს ეს ჩვენი საექსპორტო პოტენციალის შემდგომ შეზღუდვას ან გარკვეულწილად დამატებითი დაბრკოლებების შექმნას, და ხომ არ იქნება ეს შედმგომში სავაჭრო და საბოლოო ჯამში საგადამხდელო ბალანსისთვის ნეგატიური შედეგის მომტანი? ჯერჯრეობით ეს კითხვა რიტორიკულია, მაგრამ ახალ მთავრობას, რომელიც ახალი წლიდან გვეყოლება, ეს კითხვა აუცილებლად დახვდება და მოუწევს მასზე პასუხის გაცემა", - დასძინა სოსო არჩვაძემ.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"