ქალაქის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, პეკინში მანქანები მონაცვლეობით ივლიან

ჩინეთის დედაქალაქი პეკინი დაბინძურების მხრივ დასაშვებ ზღვარს ბევრად აჭარბებს და ქვეყანა ყველანაირად ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას. ქალაქის ხელისუფლებამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მძღოლები 4 დღის განმავლობაში მონაცვლეობით იმოძრავებენ. წესის დამრღვევები დაჯარიმდებიან. ჯარიმებიდან შემოსულმა თანხამ ამ დროისთვის უკვე შეადგინა 1,6 მილიონი დოლარი.

ახალი რეგულაციის მიხედვით, კვირაში ოთხი დღის განმავლობაში ავტომობილებს მონაცვლეობით უნდა ემოძრავათ, თუმცა პირველი ოთხი დღის განმავლობაში წყვილნომრიანი და კენტნომრიანი ავტომობილის მძღოლები ქუჩაში ერთდროულად გავიდნენ. სტატისტიკამ აჩვენა, რომ სულ რაღაც ოთხ დღეში 112 800-მა მძღოლმა დაარღვია წესი და მინიმუმ 15 დოლარით დაჯარიმდა. ამ ოთხი დღის განმავლობაში ასევე შეზღუდვით მუშაობდა ქალაქის საწარმოებიც.

დეკემბერში პეკინმა ”წითელი განგაში” გამოაცხადა, რა დროსაც ქალაქი პრაქტიკულად გაჩერდა. ამის მიზეზი კი ჰაერის უპრეცედენტო დაბინძურება გახდა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაშვებულ ნორმას ათჯერ აღემატებოდა.

დაბინძურების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად ავტომობილები სახელდება, რომლის რაოდენობაც პეკინში 5,6 მილიონს აღემატება, აქედან 4,3 მილიონი კერძო პირზე მოდის. ქალაქის დაბინძურებაში საკუთარ უმძიმეს კვალს ტოვებს საწარმოებიც, რომლებიც ჯერ კიდევ ნახშირზე მუშაობენ და ჰაერს კვამლითა და მტვრით ანაგვიანებენ. სხვა ფაქტორებს შორის ასევე სახელდება ქალაქის ადგილმდებარეობაც, - პეკინი გიგანტურ ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს და ირგვლივ მთებითაა შემოსაზღვრული, რაც ბინძურ ჰაერს გაფანტვის საშუალებას არ აძლევს.

ძლიერ დაბინძურებასთან ბრძოლის ფარგლებში, დელიში ახალი დიზელისძრავიანი ავტომობილების გაყიდვა ინდოეთის უზენაესმა სასამართლომაც აკრძალა.

კოკა კვირკველია