საგარეო უწყება - რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე დიალოგი სამინისტროების დონეზე არ მიმდინარეობს

რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე დიალოგი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე არ მიმდინარეობს , - შესაბამის კომენტარს საქართველოს საგარეო უწყებაში რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის, ვალენტინა მატვიენკოს განცხადებასთან დაკავშირებით აკეთებენ.

"საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე დიალოგი არ მიმდინარეობს. შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის საკითხი აბაშიძე-კარასინის ფორმატში განიხილებოდეს", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე დიალოგი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მიმდინარეობს. ამასთან, ის იმედოვნებს, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 2016 წელს დაწესდება.

"საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლით მივიღეთ ახალი სიგნალები ურთიერთობების ნორმალიზების საკითხში. საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე მიმდინარეობს ორმხრივი დიალოგი", - განაცხადა მატვიენკომ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის აღნიშნულმა განცხადებამ ქართველი ექსპერტების ნაწილის დაბნეულობა გამოიწვია. მათი აზრით, რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის დიალოგი იმ ფონზე, როცა ქვეყნებს დიპლომატიური ურთიერთობები შეჩერებული აქვთ, წარმოუდგენელია.