საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის სამართლებრივი პროცედურების წარმოება გამარტივდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთმა საქართველოს მიმართ აპოსტილის კონვენციის მოქმედებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა მოხსნა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, ჰააგის კერძო საერთაშორისო სამართლის კონვენციის მუდმივმოქმედმა ბიურომ (HCCH) დაადასტურა, რომ აპოსტილის კონვენცია საბერძნეთსა და საქართველოს შორის ძალაში შევიდა.

"გადაწყვეტილება საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს მოიცავს. საბერძნეთში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებებში პირადად გამოცხადებას და შესაბამისი პროცედურების გავლას, კერძოდ, მინდობილობის დამოწმებას ვერ ახერხებდნენ. ბერძნული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით კი, საბერძნეთში ლეგალური სტატუსის არმქონე საქართველოს მოქალაქეები უკვე შეძლებენ საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული და აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების წარდგენას საბერძნეთის ოფიციალურ უწყებებში. თითოეული დოკუმენტის დამოწმების საფასური 50 ევროთი შემცირდება, ვინაიდან აღარ იქნება საჭირო ლეგალიზაციისათვის დოკუმენტის წარდგენა საქართველოში საბერძნეთის საკონსულოში. დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის საკმარისი იქნება მხოლოდ ერთი ინსტანციის გავლა, კერძოდ, დოკუმენტების შინაარსის მიხედვით, იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ან განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში მათი წარდგენა", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.