თბილისში მცირე მეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქციის აქცია-ბაზრობა გაიმართება

თბილისში, ბუკიას ბაღში, 26 და 27 დეკემბერს, მცირე მეურნეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქციის წინასაახალწლო აქცია-ბაზრობა - "მეტი ადგილობრივი პროდუქცია - მეტი მხარდაჭერა მცირე მეურნეებს" გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, დღეს, "ინტერპრესნიუსის" პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს "ოქსფამის" პროექტების მენეჯერმა, ლევან დადიანმა და ბიომეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" წარმომადგენელმა, მარიამ ჯორჯაძემ. მათ აქციის მიზნებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს, ასევე მედიას სასურსათო უსაფრთხოების კვლევის პირველადი მონაცემები გააცნეს.

რაც შეეხება აქციას, ორგანიზატორების განცხადებით, მისი მიზანია მთავრობას მოუწოდონ ხელი შეუწყოს მცირე ფერმერული მეურნეობების ადგილობრივ ბაზრებზე ხელმისაწვდომობას, რათა მათ შეძლონ უფრო მეტი და ხარისხიანი პროდუქციის წარმოება. აქცია-ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის მრავალფეროვანი, საღი და ხარისხიანი პროდუქცია, რომლის შეძენა პირდაპირ მეურნეებისგან იქნება შესაძლებელი. ღონისძიების დროს გაჟღერდება "ოქსფამის" საქართველოს წარმომადგენლობის და ბიომეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" მიერ ჩატარებული სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის კვლევის შედეგები. დაინტერესებულ მოქალაქეებს შეეძლებათ ხელი მოაწერონ საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიისთვის მცირე მეურნეობების მხარდამჭერ პეტიციას. რაც შეეეხება კვლევას, როგორც ლევან დადიანმა აღნიშნა, უახლესმა ეროვნულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 70% სურსათის უკმარისობას განიცდის და შიშობს, რომ მომავალში ეს მდგომარეობა შეიძლება კიდევ გაუარესდეს.

"მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობა შემოსავლების საშუალოდ 50%-ს ხარჯავს სურსათზე და მცირე შემოსავლების გამო, მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება ადგილობრივ, მრავალფეროვან და საღ პროდუქტზე. შედეგად, ჩვენ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი მის მცირეშემოსავლიან ფენებში, შეინიშნება ბავშვთა ზრდის შეფერხება, იოდისა და რკინის დეფიციტი", - აცხადებენ კვლევის ავტორები და მიიჩნევენ, რომ სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთი მექანიზმი მცირე მეურნეობის განვითარება და მათი ადგილობრივ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერაა, რაც თავისთავად გაზრდის ადგილობრივი დივერსიფიცირებული პროდუქციის წარმოებას. 2013 წლიდან, ევროკავშირის დაფინანსებით ოქსფამი და ასოციაცია "ელკანა" ახორციელებენ ოთხწლიან პროექტს - "ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში".

პროექტის მიზანია გენდერულად სენსიტიური სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის სტრატეგიის შემუშავება სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. სასურსათო უსაფრთხოება სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ჩარჩოს მნიშვნელოვანი ნაწილია და წარმოადგენს თანმიმდევრულ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის მთავარი მიზანია მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საღ და მრავალფეროვან საკვებზე.