ბათუმში მეტეოროლოგიური ოფისის ახალი შენობა გაიხსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაციამ" ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ახალი მეტეოოფისი გახსნა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, თანამედროვე ტიპის შენობა ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) და WMO-ს (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია) საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. მათივე ინფორმაციით, შენობაში განთავსებულია ამინდზე დაკვირვების ავტომატური სისტემა და იგი აღჭურვილია ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც განკუთვნილია ამინდის გაზომვის, პროგნოზისა და ანალიზისთვის.

"ჩვენ გასულ კვირას თბილისთან ახლოს, ქვიშიანას მთის 1100 ნიშნულზე ახალი მეტეორადიოლოკატორი დავამონტაჟეთ, რაც საშუალებას გვაძლევს, მუდმივ რეჟიმში მოვახდინოთ საჰაერო საინფორმაციო სივრცის სკანირება, ფრენებისთვის საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების აღმოჩენა და მათი გადაცემა საფრენოსნო ხომალდებისთვის. პარალელურად, ავაშენეთ ახალი მეტეოოფისები ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში და აღნიშნული მეტეორადიოლოკატორის სამუშაო პულტები დავამონტაჟეთ. ქუთაისის მეტეოოფისი უკვე ფუნქციონირებს, დღეიდან ბათუმის ოფისიც შევა ექსპლუატაციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესო საავიაციო მეტეოგაფრთხილების სისტემა ექნება", - განაცხადა შპს "საქაერონავიგაციის" გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვლმა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, გეოგრაფიული მდებარეობისა და რელიეფის გათვალისწინებით, რთულ აეროპორტად ითვლება. ახალი სარადარო სისტემა, რომელიც დაფუძნებულია თანამედროვე სამეცნიერო კვლევებსა და ინოვაციებზე, იძლევა მეტეოროლოგიური ელემენტებისა და პარამეტრების უამრავი მახასიათებლის დეტალური იდენტიფიცირების საშუალებას.

"ახალი სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს ბათუმის აეროპორტში ფრენის უსაფრთხოების დონის კიდევ უფრო ამაღლებას და საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პროცესში საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების გამომწვევი რისკ-ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანას", - აცხადებენ უწყებაში.