თბილისში ფარმაცევტული ქარხანა აშენდება

თბილისში მაღალტექნოლოგიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული ქარხნის აშენება იგეგმება.

პროექტს საპარტნიორო ფონდი ავსტრიულ კომპანია Humanity Holding GmbH-თან ერთად, მთავრობის დავალებით, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით იწყებს. პროექტის მიზანია თბილისში, ორხევის ქუჩაზე მაღალტექნოლოგიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული ქარხნის აშენება. ევროპული სტანდარტების წამლების მწარმოებელი ფარმაცევტული ქარხანა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, ხარისხის შემოწმების თანამედროვე ლაბორატორიით, სასაწყობო ფართებითა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით.

ქარხანაში დამზადდება სულ ცოტა 800 დასახელების წამალი, როგორც ადგილობრივი მოხმარებისთვის, ასევე ექსპორტისთვის. კომპანიის მიერ იმპორტირებული იქნება წამლების გარკვეული რაოდენობა, რომელთა საქართველოში რეალიზაცია შეღავათიან ფასებში იგეგმება.

ქარხანაში დასაქმდება 300 ადამიანი, რომელთა შორის იქნებიან ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები. პროექტის ჯამური ღირებულება 130 მლნ. აშშ დოლარია.

პროექტის განხორციელებისა და ოპერირების მიზნით, Humanity Holding Gmb H-მა ს.ს. „ჰუმანითი ჯორჯია" (Humanity Georgia) დააფუძნა. ახალი პროექტის დაწყებაზე პარტნიორთა შეთანხმება საპარტნიორო ფონდს, Humanity Holding GmbH-სა და საპროექტო კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას" (Humanity Georgia) შორის გააფორმდა.