ირაკლი აბესაძე - 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს თბილისელების მოლოდინთან საერთო არაფერი აქვს

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების წევრები 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის კომისიებში განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებენ , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა განაცხადეს.

საკრებულოს ფრაქციების - "ნაციონალური მოძრაობა" და "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარეებმა სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი აბესაძემ დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. სევდია უგრეხელიძის თქმით, მიუხედავად მათი შეთავაზებისა, კომისიების სხდომები გონივრულ ვადებში გაემართათ, "ქართულმა ოცნებამ" მათი ეს წინადადება არ გაითვალისწინა.

სევდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების წინადადებები თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით რეალურად გათვალისწინებული არ არის. ამიტომ, საკრებულოს კომისიების სხდომებში ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ფორმალობაა.

"დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება ძალიან ცუდი და სამარცხვინო თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი. არაფერი საერთო ამ დოკუმენტს თბილისელების მოლოდინთან არ აქვს. ჩვენ გვსურდა, შემდგარიყო ბიუჯეტის რეალური განხილვა. ჩვენ გვინდოდა დაგვერწმუნებინა უმრავლესობა, ნაცვლად კორუფციული გარიგებისა, რეალურად ეზრუნათ ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, ქალაქის საცობების განტვირთვაზე, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაღარიბების კვალდაკვალ არ შეემცირებინათ სოციალური დაფინანსება და არ გადაეტანათ ეს თანხები საკუთარი ჩინოვნიკების ხელფასების ზრდაში. ასევე მოეხდინათ ავტობუსების მძღოლების, მეეზოვეებისა და სხვა პირთა ხელფასების გაზრდა. დღევანდელ შოუში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. თითქოს ერთდღიანი განხილვები საკმარისი იყოს 815-მილიონიანი ბიუჯეტის რეალურად განხილვისთვის", - განაცხადა ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაესწრებიან დღევანდელ საკრებულოს სხდომას, სადაც მოხდება ბიუჯეტის პროექტის განხილვა და მათი დაპირებების სიცრუეში ამხელენ "ქართულ ოცნებას". აბესაძის თქმით, კიდევ უფრო რწმუნდებიან, რომ "ქართული ოცნება" და თბილისის მერი დავით ნარმანია უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას.

ირაკლი აბესაძის განცხადებით, სოციალური დაფინანსება მთლიანობაში 4 მილიონი ლარით მცირდება, მკურნალობის, მედიკამენტების და სხვა ხარჯების მუხლი კი, 8 მილიონ 300 ათასი ლარით. ირაკლი აბესაძის თქმით, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი უფასურდება, გაუგებარია, რატომ ამცირებს ქალაქის ხელისუფლება ასეთი მუხლების დაფინანსებას.