თამარ ცინცაბაძე - 2016 წლის ბიუჯეტის განხილვა კომისიებში ფორმალურ ხასიათს ატარებს

თბილისის საკრებულოში თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის განხილვა კომისიებში ფორმალურ ხასიათს ატარებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატების" წევრმა თამარ ცინცაბაძემ განუცხადა. თამარ ცინცაბაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის 2016 წლის ბიუჯეტს იხილავს. თამარ ცინცაბაძემ საუბრისას აღნიშნა, რომ ბიუჯეტთან შენიშვნები ფრაქცია "გაერთიანებულ დემოკრატებსაც" გააჩნიათ.

მისივე თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლების შრომის ანაზღაურებისათვის, მათ შორის, პრემიებისა და დანამატებისათვის, ბიუჯეტის პროექტის თანხები გაზრდილია.

თამარ ცინცაბაძის განაცხადებით, ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინათ და მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა ასახულიყო გარემოს დაცვის სტრატეგია.

ცინცაბაძის თქმით, ამ მიზნით, ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული არ არის.

"მიგვაჩნია, რომ საგზაო ინფრასტრუქტურაზე უფრო მეტი ყურადღება უნდა ყოფილიყო დათმობილი. ჩვენ გვპირდებიან, რომ ავტოსადგომი აშენდება, თუმცა ეს არის მხოლოდ დაპირება და ბიუჯეტში ასახული არ არის. კერძო ინვესტორების მოზიდვაა საჭირო, არ ვიცი, ეს რამდენად განხორციელდება. ასევე ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, მართალია თანხები გაზრდილია, მაგრამ არის მუხლი, რომელიც ეხება სამედიცინო და სხვა სოციალური სახის დახმარებებს, ამ კუთხით კი თანხები ორჯერ და მეტად არის შემცირებული. განსაკუთრებით, ასეთ მძიმე ეკონომიკური პირობების დროს, არ არის მიზანშეწონილი, რომ მსგავს მუხლებში თანხების შემცირება მოხდეს. ჩვენ გვინდოდა, რომ უფრო დეტალურად მომხდარიყო კომისიებში ამ საკითხების განხილვა, შესაძლებლობა არსებობდა იმის, რომ ბიუჯეტი ხალხის მოთხოვნებისთვის მორგებული ყოფილიყო, მაგრამ დღევანდელი კომისიების გაფართოებული სხდომის ჩატარება ფორმალურ ხასიათს ატარებს", - აღნიშნა თამარ ცინცაბაძემ.