ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი არსებულ მოცემულობას აკმაყოფილებს

თბილისის მთავრობის მიერ წარდგენილი 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი არსებულ მოცემულობას სრულიად აკმაყოფილებს, - ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ განაცხადა. ჯაბა სამუშიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებებზე, რომ საკრებულოში გამართულ კომისიების გაფართოებულ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ჯაბა სამუშიას თქმით, ბიუჯეტის პროექტი თბილისის საკრებულოში ორი კვირის წინ შევიდა და ყველა ფრაქციას ჰქონდა საშუალება ბიუჯეტს დაწვრილებით გაცნობოდა.

"მე მიკვირს ჩემი კოლეგების "ნაციონალური მოძრაობიდან", რომლებიც საყვედურობენ, თითქოს საკრებულოში არ იყო საკმარისი დრო 2016 წლის ბიუჯეტის განსახილველად. ბიუჯეტი ორი კვირის წინ შემოვიდა და ყველა ფრაქციას ჰქონდა საშუალება ბიუჯეტი დაწვრილებით განეხილა. ქალაქის მერთან და მთავრობის წევრებთან ექვსზე მეტი შეხვედრა გვქონდა", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

მისივე თქმით, ამდენად "ნაციონალური მოძრაობას" მათი ფრაქციის სხდომის ორგანიზება თავად უნდა მოეხდინა და მიეწვიათ ფრაქციის სხდომაზე თბილისის მთავრობის წევრები.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებებს საკუთარი სიზარმაცის ახსნის მიზნით სხვებისკენ თითის გაშვერა უწოდა. ჯაბა სამუშიას თქმით, თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი არსებულ მოცემულობას სრულად აკმაყოფილებს. საკრებულოს უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ ისურვებდა, თბილისის ბიუჯეტი 2-3 მილიარდი ლარი იყოს.

"მაქსიმალურად მოხდა რესურსების მობილიზება, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 815 მილიონ ლარს შეადგენს, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს არსებულ ბიუჯეტთან შედარებით ეს თანხები 200 მილიონი ლარით არის გაზრდილი. თანხები გაწერილია კონკრეტული პროექტებისათვის. ბიუჯეტი პროგრამულია და მისი ხარჯვითი ნაწილი ყველას შეუძლია აკონტროლოს, "ნაციონალური მოძრაობის" დროს, რამდენიმე ფურცელზე ამობეჭდილი ბიუჯეტის პროექტი შემოდიოდა საკრებულოში. დღეს ჩვენ გვაქვს 1000-გვერდიანი ბიუჯეტი, რომლის ორი-მესამედი დანართებია და ჩაშლილია ხარჯვითი ნაწილის მუხლები", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.