რუსული ავტოინდუსტრია ფსკერისკენ მიდის

რუსეთში ახალი ავტომობილების გაყიდვები 2016 წელს შესაძლოა, დამატებით 14 პროცენტით შემცირდეს, თუ ქვეყნის ეკონომიკა რეცესიიდან ვერ გამოვა.

ამის შესახებ ორგანიზაცია PricewaterhouseCoopers-ის კვლევაშია ნათქვამი.

კომპანიის წარმომადგენლის ოლეგ მალიშევის განცხადებით, თუ სახელმწიფო არ ჩაერია და დამატებით სახსრები არ მოიზიდა ამ სფეროში, ავტოინდუსტრია რუსეთში კიდევ უარესი სცენარისთვის უნდა მოემზადოს.

კომპანიის პროგნოზით, მომავალ წელს რუსეთში მილიონზე ოდნავ მეტი ავტომობილი გაიყიდება. მიმდინარე წელს კი, 2014 წელთან შედარებით, გაყიდვებმა 45%-იანი ვარდნა განიცადა და ნოემბრის ჩათვლით მხოლოდ 1,28 მილიონი შეადგინა.

რუსეთის მთავრობა 2016 წელს ავტოინდუსტრიაში 50 მილიარდი რუბლის (706 მლნ დოლარის) ინვესტირებას გეგმავს.

რუსეთის უმსხვილესი ავტოსადილერო კომპანიის Rolf Group-ის ხელმძღვანელის ტატიანა ლუკოვეცკაიას განცხადებით, ავტოინდუსტრიაზე დამატებით წნეხს ახდენს რუბლის გაუფასურება, რომელიც 2014 წლიდან მოყოლებული ამერიკულ დოლართან მიმართებაში 54 პროცენტით არის გაუფასურებული, ხოლო მიმდინარე წლის იანვრიდან 17 პროცენტით. მისი თქმით, დოლარი მომავალ წელსაც გამყარდება, ეს კი გაყიდვებზე აუცილებლად იქონიებს დამატებით გავლენას.

კოკა კვირკველია