დიეტა - თემა, რომელიც მკითხველის დიდ ინტერესს იწვევს

სოფლის მეურნეობისა და ტყის ტექნიკის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ John Deere 1895 წელს ჟურნალი The Furrow გამოსცა.

ჟურნალი ფერმერებს სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და რჩევებს აძლევდა, თუ როგორ გაეხადათ სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი უფრო წარმატებული და როგორ მიეღოთ მეტი მოგება. თუმცა, ჟურნალის თითქმის ყველა სტატიაში ნახსენები იყო ის პროდუქცია, რომლითაც კომპანია ვაჭრობდა. The Furrow მსოფლიოს 40 ქვეყანაში 12 სხვადასხვა ენაზე დღემდე გამოდის. მისი აუდიტორია კი 1,5 მილიონ მკითხველს შეადგენს. ბუნებრივია, არსებობს თავად კომპანია John Deere-იც, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა სოფლის მეურნეობისა და ტყის ტექნიკის გაყიდვებში.

თანამედროვე მარკეტოლოგები მიიჩნევენ, რომ კონტენტ მარკეტინგს დასაბამი სწორედ კომპანია John Deere-მა დაუდო და დიახ, კონტენტ-მარკეტინგი უკვე 120 წლისაა.

მეტიც, მარკეტოლოგები ასევე ამბობენ, რომ კონტენტ მარკეტინგი არ არის რეკლამა ტრადიციული გაგებით, რომლის ტექსტშიც აუცილებლად უნდა იყოს სიტყვები „შეიძინეთ“, „გთავაზობთ საუკეთესო ფასად“, „აქცია“ და ასე შემდეგ. ეს არის ფართომასშტაბიანი, დაგეგმილი და მუდმივი მუშაობა, რომელსაც შედეგი გარკვეული ხნის შემდეგ მოაქვს და არა - ორ-სამ თვეში, როგორც ეს ზოგიერ რეკლამისდამკვეთს ჰგონია ხოლმე.

ნებისმიერ თემაზე დაწერილი კონტენტური მასალა, თუ ის საინტერესოდ არის მომზადებული, მომხარებლისთვის ბევრად უფრო მისაღებია, ვიდრე ტრადიციული რეკლამის ფორმით მიწოდებული კონტენტი.

„პალიტრა მედიის“ კონტენტ მარკეტინგის კონსულტანტი სალომე მეცხვარიშვილი მოხმარებლისთვის კონტენტის მიმზიდველ თემებს შორის, ბოლო პერიოდში, დიეტას გამოყოფს. მისი თქმით, ზოგადად დიეტის თემა ინტერნეტ საიტებზე კარგად მუშაობს და მომხმარებელთა ფართო აუდიტორიისთვის არის საინტერესო. განსაკუთრებით კი ისეთ საიტებზე, რომლის ძირითადი სეგმენტი ქალები არიან.

„რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, სხვადასხვა კვლევებითა და საიტების რეიტინგით მიღებული სტატისტიკის თანახმად, ოჯახისა და პირადი ურთიერთობების თემაზე მეტად მოთხოვნადი არის დიეტის თემაზე დაწერილი სტატიები, რასაც მოსდევს თავის მოვლა და ვარჯიშები. ამ სტატისტიკას ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ და მაქსიმალურად ვარგებთ მომხმარებლის ინტერესებს. სწორედ აქედან გამომდინარე, ერთ-ერთ ჩვენი დამკვეთსთვის, რომელიც ხორცპროდუქტებს აწარმოებს, მოვიფიქრეთ თემა, რომ მათი კონტენტისთვის მოგვერგო ცილოვანი დიეტა. მკითხველს შევთავაზეთ ამ კომპანიის ტექნოლოგის რჩევები, თუ რომელი ხორცია დაბალკალორიული, რომელი ძეხვი სჯობს დიეტის მიღების დროს და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის მიხედვით გავაკეთეთ ცილოვანი დიეტის შესახებ სტატია, რომლის რეიტინგმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“, - აღნიშნავს „პალიტრა მედიას“ კონტენტ მარკეტინგის კონსულტანტი.

marao.ge-ზე განთავსებული ცილოვანი დიეტის შესახებ მომზადებული კონტენტ მასალა იმდენად რეიტინგული გამოდგა, სტატია უცვლელად და იმავე ფოტოებით წაიღეს კონკურენტმა საიტებმა, მათ შორის ici.ge, 400.wwww.ge, galanews.ge, lady.mcvane.ge-მა და სხვა საიტებმა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მასალის წარმატებაზე.

marao.ge-ს რედაქტორი ნინიკო ტურიშვილის თქმით, კონტენტ მარკეტინგის მასალები იმდენად ეფექტურია, რომ უკვე აღარ ჩამოუვარდება საიტზე განთვსებულ სხვა ე.წ. რიგით მასალებს.

„ცილოვანი პროდუქტების დიეტის შესახებ მომზადებული კონტენტ მასალა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და რეიტინგული გამოდგა, რომელიც ნახა 40 ათასმა მომხმარებელმა და ჰქონდა 3 ათასზე მეტი გაზიარება. მკითხველმა მისთვის საჭირო რჩევები მიიღო. იმას, რომ მასალა კონტენტური იყო, ვერ მიხვდნენ კონკურენტი საიტები, რომლებმაც ჩვენს მიერ მომზადებული მასალა უცვლელად განათავსეს თავიანთ საიტებზე, სადაც ასევე ათასობით ნახვა და რეკომენდაცია ჰქონდა. ამიტომ საბოლოოდ მასალამ მოაგროვა რეკორდული მაჩვენებელი“, -ამბობს ნინიკო ტურაშვილი.

„პალიტრა მედიის“ კონტენტ მარკეტინგის კონსულტანტი სალომე მეცხვარიშვილი აღნიშნავს, რომ კონტენტ მარკეტინგის გზით მიწოდებული მასალა თითქმის ყოველთვის უფრო მომგებიანია, რადგან მკითხველი ეცნობა მისთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას.

„მომხმარებელს ცოტა მობეზრებული აქვს ტრადიციული სარეკლამო სტატიების კითხვა - თუ ვინ რას ჰპირდება, ვის რა უპირატესობა აქვს, ვინ რითი გამოირჩევა და ასე შემდეგ. როდესაც სტატისტიკას ვნახულობთ, კონტენტ მასალებს ორჯერ და სამჯერ მეტი ნახვა აქვს, ვიდრე სარეკლამოს. მაგალითად, ავეჯის მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიისთვის ვაკეთებთ კონტენტ მარკეტინგს, რომლის ფარგლებშიც გვქონდა ოთხი სტატია რჩევების სახით, როგორ მოვაწყოთ სამზარეულო, საძინებელი და ასე შემდეგ. ოთხივე მათგანი ძალიან რეიტინგული იყო. თუმცა, ამავდროულად, კომპანიის სურვილით გავაკეთეთ პიარ სტატია, სადაც სათაურში კომპანიის სახელიც იყო გამოყენებული. თვის ბოლოს მიღებული სტატისტიკური მონაცემებით, კონტენტ მასალას ჰქონდა 3 ათასიდან 6 ათასამდე წაკითხვა, სარეკლამო პიარ სტატიას კი მხოლოდ 850. ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მკითხველს არ აინტერესებს სტატია, სადაც სათაურშივე ჩანს რეკლამის დამკვეთი. მათ უფრო აინტერესებთ საინტერესო რჩევები, ინტერვიუები და ასე შემდეგ“, - აღნიშნავს სალომე მეცხვარიშვილი.