სადღესასწაულო საჩუქარი ქვეყანას: იყიდე წვრილმანი, ადგილობრივი, ქართული!

და, აი, კიდევ ერთხელ დადგა ახალი წელი და მთელი საქართველო ემზადება, აწყობენ სამოგზაურო გეგმებს, ამზადებენ კაკალს გოზინაყისთვის, ყიდულობენ საჩუქრებს მეგობრების თუ ოჯახის წევრებისთვის. საჩუქრები ახალი წლისა და შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ხაზს უსვამს მეგობრობის მნიშვნელობას, საშუალებას გვაძლევს, გავანებივროთ ჩვენთვის საყვარელი ადამიანები და ისე დავიწყოთ ახალი წელი. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ საქართველოში ნოემბერ-დეკემბერი არის ყველაზე აქტიური თვეები სამომხმარებლო საქონლის შესაძენად. აღარაფერს ვამბობთ ევროპასა და აშშ-ზე.

სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ქართული იმპორტი მეტწილად კონცენტრირებულია სწორედ დეკემბერზე. ერთის მხრივ, საჯარო თუ კერძო სექტორის ბევრი კომპანია, როგორც წესი, სწორედ წლის ბოლოს იწყებს ფულის ხარჯვას, რის გამოც შესყიდვების შესახებ ბევრი გადაწყვეტილება ფისკალური წლის ბოლომდე ჭიანურდება ხოლმე. მეორეს მხრივ, წლის ბოლოს იმპორტის ზრდას განსაზღვრავს საზოგადოების კოლექტიური მიდრეკილება, შობა-ახალი წლის რიტუალისთვის უთავბოლოდ ხარჯონ ფული საჩუქრებზე. და ვინაიდან ქართველების უმეტესობა ყიდულობს იმპორტირებულ საჩუქრებს, იქნება ეს ბრენდული საათები, ტექნიკა თუ ტანსაცმელი, შედეგად ვიღებთ გაზრდილ სავაჭრო დეფიციტს.

2015 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს სავაჭრო დეფიციტმა (იმპორტირებული და ექსპორტირებული პროდუქტების ღირებულებას შორის არსებულმა სხვაობამ) თითქმის 4.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. თუ გავითვალისწინებთ, რას უნდა ველოდოთ ბოლო სამი თვის განმავლობაში, ეს რიცხვი ადვილად გადააჭარბებს წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელს (5.7 მილიარდი აშშ დოლარი).

მომხმარებელთა სიამაყე და ცრურწმენა

როდესაც საქმე ეხება მანქანებს, ტექნიკასა და წარმოების პროდუქტებს, ქართველ მომხმარებელსა და ბიზნესს დიდი არჩევანი არ აქვთ. თუმცა ეს არ ეხება მცირე ქართული ბიზნესებისა თუ საახალხო რეწვის ოსტატების მიერ წარმოებულ სამომხმარებლო საქონელს, განსაკუთრებით, საჩუქრებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრს ვერაფერს შეცვლის, ქართული მცირე ბიზნესების მიერ წარმოებული პროდუქციის ყიდვა ნამდვილად წაადგებოდა ქვეყნის ეკონომიკას. ადგილობრივ პროდუქციაზე დახარჯული თანხის თითქმის 100% რჩება ქვეყნის ეკონომიკაში: იხარჯება ქართველი მუშახელის ხელფასებზე და ქართველი მიმწოდებლებისგან ნედლეულის შეძენაზე, გაფართოებისა და ინოვაციებისთვის საჭირო კაპიტალით უზრუნველყოფს ქართველ მეწარმეებს.

საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს ადგილობრივი და წვრილმანი საჩუქრების ყიდვის კულტურა. ქართველი მწარმოებლების პოპულარიზების მიზნით შექმნილი www.KAR.ge-ის დამფუძნებლის, ტარიელ ზივზივაძის აზრით, „ადამიანები არავითარ სიამაყეს არ გრძნობენ ქართველი მწარმოებლების საქონლის შეძენისას“. ადამიანების შინაგანი მე ბევრად უფრო კმაყოფილია ძვირადღირებული უცხოური პროდუქციის ყიდვისას (იხ. ჩვენი ძველი სტატია „მარიაჟობის“ ეკონომიკა), თუმცა ამის მიზეზი ისიცაა, რომ ქართულ კომპანიებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ გასაუმჯობესებელი ბრენდინგისა თუ წარმოების თვალსაზრისით.

ბოლო წლებში გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა. ტარიელ ზივზივაძის www.KAR.ge ყოველწლიურად ატარებს კონკურსს, რომელშიც ადამიანები დეკემბერში ყიდულობენ ქართველი მწარმოებლების პროდუქტებს და შემდეგ საჩუქრის აღწერილობასა და ფოტოს აქვეყნებენ ინტერნეტში. ტარიელს იმედი აქვს, რომ მის ინიციატივას მოყვება სოციალური მოძრაობა, რომლის წყალობითაც „ადამიანები ჯერ იფიქრებენ ქართული პროდუქციის ყიდვაზე და მხოლოდ სათანადო ხარისხის არარსებობის შემთხვევაში იყიდიან უცხოურ პროდუქციას“.

საზოგადოების დიდი ნაწილის დასარწმუნებლად, რომ იყიდონ ადგილობრივი, წვრილმანი პროდუქცია და ამით საშობაო საჩუქარი გაუკეთონ ქვეყანას, შეიძლება საჭირო გახდეს ბიზნესების, მომხმარებლებისა და მთავრობის შეთანხმებული მოქმედება. პრობლემა არის მოჯადოებული წრე, რომლის გარღვევაც შესაძლებელია, თუ ერთდროულად წავახალისებთ ბიზნესებს, შექმნან უკეთ ბრენდირებული, მაღალი ხარისხის პროდუქცია და დავარღვევთ გავრცელებულ სტიგმას, რომ ქართული პროდუქციის ყიდვა „ტეხავს“.

მცირე ბიზნესის შაბათი: ამერიკული მაგალითი

საშობაო საჩუქრების შეძენისას შეგვიძლია გავითვალისწინოთ სადღესასწაულო ბიუჯეტის მცირე ბიზნესების მიერ წარმოებულ ადგილობრივ პროდუქციაზე დახარჯვის შესანიშნავი უცხოური ტრადიცია.

იხილეთ გაგრძელება