სემეკთან საპროტესტო აქცია გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომლებმა საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და "ენერგო-პრო ჯორჯიას" პროფკომიტეტის ორგანიზებით გამართეს. მათი მოთხოვნაა ხელფასების 30%-იანი ზრდა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, იმ შემთახვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, პროტესტი გაგრძელდება. ისინი სემეკ-ს მოუწოდებენ, რომ დღევანდელ სხდომაზე, სადაც "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტარიფების დადგენის საკითხია, გაითვალისწინონ მათი მოთხოვნა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით.

"ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირმა ტარიფის კორექტირებამდე რამდენიმეჯერ მიმართა თხოვნით სემეკ-ს, რომ განაწილების ტარიფის გაანგარიშებისას 2015 წელსვე გაეთვალისწინებინა საოპერაციო ხარჯებში სახელფასო ფონდის 30%-იანი ზრდა. ეს თხოვნა მოტივირებულია ძირითად სამუშაოზე, დასაქმებულთა დაბალი ხელფასებით (ხელზე ასაღები 300-დან 500 ლარამდე), ზეგანაკვეთური სამუშაოს აუნაზღაურებლობით, ლარის ინფლაციით და სხვა, რის გამოც მძიმე დღეში აღმოჩნდნენ კომპანიის რიგითი დასაქმებულები და მათი ოჯახები, სადაც ძირითადად ოჯახის ერთი წევრია დასაქმებული. დასაქმებულთა მოთხოვნაა, გაითვალისწინოს სემეკ-მა აღნიშნული, დააკორექტიროს ტარიფის საოპერაციო ხარჯებში სახელფასო ფონდი და გაზარდოს არანაკლებ 15 მილიონი ლარით", - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ ამირან ზენაიშვილმა. აღნიშნულ მოთხოვნებს გამოეხმაურნენ სემეკ-შიც. როგორც სემეკი-ის წევრმა გოჩა შონიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიაში ფიქრობენ, რომ დასაქმებულთა ხელფასები ძალიან მაღალი არ არის. "ეს მოთხოვნა ახალი არ არის. ჩვენ ვმოქმედებთ მოქმედი მეთოდოლოგიით, რომელიც არის საფუძველი ტარიფის დადგენის. მოქმედი მეთოდოლოგია ითვალისწინებს ფაქტობრივ ხარჯებს. ტარიფის გაანგარიშებისას ჩვენ "ენერგო-პრო ჯოჯრიას ტარიფში ავსახეთ ის ფაქტობრივი სახელფასო განაკვეთები, რაც მას ჰქონდა ამ პერიოდში. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ძალიან მაღალი ხელფასები, ამიტომ ამ მიმართულებით კომისია დღეს წარმოადგენს თავის მოსაზრებებს", - განაცხადა გოჩა შონიამ.