დიმიტრი ქუმსიშვილი - წელს ჩვენ ველოდებით მშპ-ს მინიმუმ 2,8%-იან ზრდას

წელს ჩვენ ველოდებით მშპ-ს მინიმუმ 2,8%-იან ზრდას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს იქნება 31,5 მილიარდი დოლარი. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, არის ორნიშნა ზრდები, მაგალითად: სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, ასევე კარგი ზრდააა საფინანსო საქმიანობაში, სასტუმროებში, რესტორნებში, კომუნალურ მომსახურებებში.

"მისასალმებელია, რომ თვითონ მშპ არის საკმაოდ დივერსიფიცირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა არის საკმაოდ ჯანსაღი", - განაცხადა ქუმსიშვილმა. მინისტრობის კანდიდატმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაკეთებულ პროგნოზებზეც ისაუბრა. ამ პროგნოზის მიხედვით, საქართველოს, მთელი რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. კერძოდ, საქართველოს 2016 წელს 3%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება, ხოლო 2017 წელს - 5%, რაც ყველაზე მაღალია რეგიონის ქვეყნებთან შედარებით (მაგ: სომხეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, მოლდოვა, ლიტვა, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სხვა). "პროგნოზი აჩვენებს, რომ 2016 და 2017 წლებში საქართველოს აქვს ძალიან კარგი საპროგნოზო მაჩვენებლები. 2016 წელს 3%-იანი რეალური ზრდა გვაქვს, ჩვენზე მეტი აქვს ყირგიზეთს და ლატვიას, თუმცა ამის შემდეგ, 2017 წელს, პრაქტიკულად ჩვენ გვაქვს მხოლოდ 5%-იანი ზრდა, რაც არცერთ ქვეყანას არ აქვს და შესაბამისად, ჩვენ რეგიონში ვიქნებით ჩემპიონები, რომელსაც ყველაზე მეტი ზრდა გვექნება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.